გამაგრდი… ისუნთქე… იცოცხლე…

Image

მე მივდივარ… წეროებს მივყები სადღაც შორს. მივფრინავ და ალბათ ვეღარასდროს შევძლებ ისევ უკან მოფრენას… ჩემთვის ახლა შემოდგომაა, გაფრენის დრო, თორემ ზამთარი შემიწირავს.. მეშინია… მეშინია, რომ სულ შემოდგომაში ჩავრჩები, თუმცა ზუსტად ვიცი, ჩემთვის აღარასდროს მოვა გაზაფხული, არ დადგება უკან გამოფრენის დრო. აღარ დადგება… უკვე აღარ.

გახსოვს? რომ გითხარი მივდივარ თქო, ლამაზ სახეზე შიშმა გადაგირბინა, დიდრონი თვალები კიდევ უფრო ფართოდ გაახილე და ვედრებით მითხარი რომ ჯერ არ იყო ჩემი დრო, რომ ამ ქვეყნად საკმარისად არ მიცხოვრია. მაშინ ვერაფერი გითხარი, ახლა კი ვხვდები, ცხოვრება არასდროსაა საკმარისი, დრო არასდროსაა ზედმეტად ბევრი, სამწუხაროდ ამას ზედმეტად გვიან მივხვდი. თუმცა მე საკმარისად ვიცხოვრე ამ ქვეყანაზე, რადგან გაგიცანი შენ და შენს თვალებში ვიპოვე მსოფლიო, აღმოვაჩინე დაკარგული სამყარო, შენი ულევი ფანტაზიით შევიცანი ის, რასაც ცხოვრება ქვია, ფანტაზიით, რომელმაც მინუსების დანახვის უფლება არ მომცა, რომელიც ჯიუტად მარწმუნებდა ამ სამყაროს სილამაზეში… და მე დავუჯერე შენს ფანტაზიას. რომ არ დამეჯერებინა, ახლა წასვლა ბევრად უფრო იოლი იქნებოდა, მაგრამ არ იქნებოდა ასეთი მნიშვნელოვანი.. მნიშვნელოვანი შენთვის და ჩემთვის, თორემ დანარჩენ მსოფლიოს ნაკლებად ადარდებს, ხვალ ისევ ამოვა მზე, ისევ ამოვა შენთვის და მას ამოვყვები მე, მხოლოდ შენთვის,თუმცა როგორც ეიფელია ერთადერთი ადგილი პარიზში საიდანაც თავად ეიფელი არ ჩანს, ასევეა მზე ერთადერთი ადგილი საიდანაც არ ჩანს თვითონ მზე, ამიტომ მე ვეღარ ვნახავ მას, თუმცა ეს წამითაც არ ნიშნავს იმას, რომ შენც აღარ უნდა ნახო ის. იცხოვრე უჩემოდ, ნუ დაელოდები ჰორიზონტზე ჩემს გამოჩენას, ის ფაქტი, რომ დრო არასდროსაა საკმარისი, არ ცვლის იმას რომ ადრე თუ გვიან იგი აუცილებლად თავდება, არ მისცე ცხოვრებას უფლება გვერდით ჩაგიაროს, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დაგრჩა, ერთი საუკუნე თუ ერთი წამი, იცხოვრე ბოლომდე თუნდაც ბოლო წამი… არ გამომიტირო,  ნუ დახარჯავ ამაში ძვირფას დროს, იცხოვრე, არა ჩემთვის ან შენთვის, იცხოვრე ჩვენთვის, დაანახე მსოფლიოს მთელი შენი მშვენიერება, არ მისცე სამყაროს უფლება, გააგრძელოს სიცოცხლე უშენოდ, ისე თითქოს არაფერი მომხდარა.. იცხოვრე ისე, რომ დატოვო კვალი და როდესაც შენი დრო ამოიწურება, არ მისცე უფლება მზეს ისევ ჩვეულებრივ ამოვიდეს, შენი სხივი შემატე მას, უფრო გაანათე, რათა დედამიწამ იგრძნოს შენი წასვლა, არ გაიმეორო ჩემი შეცდომები, არ დახარჯო დრო უქმად. ცხოვრების ნახევარზე მეტი, შენგან შორს გავატარე, მაშინ როდესაც მოახლოვებაში არავინ მიშლიდა ხელს. ჩემი ცხოვრების მხოლოდ ბოლო, შენთან გატარებული თვეები იყო დახარჯული ჭკვიანურად.. ან დახარჯულიც არა, დრო რომელიც ბედნიერად გაატარე ხომ არასდროსაა დახარჯული?!

იცხოვრე უჩემოდ, ნუ გამომყვები თან იქამდე, სანამ შენი დრო არ დამდგარა. შეწყვიტო სიცოცხლე მაშინ, როდესაც მისი მთავარი აზრი იკარგება – არ არის ძნელი, გააგრძელო სიცოცხლე და ახალი აზრი უპოვნო მას – აი ეს არის ჭეშმარიტად რთული, ეს მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ, ესეიგი შენც შეძლებ.

ვიცი ახლა რასაც გრძნობ, ვიცი ისე გტკივა გული, ისე გეკუმშება რომ ალბათ ნემსის ყუნწშიც გაეტევა, მაგრამ დამშვიდდი, სახე დაიმორჩილე, აწეწილი სული დააშოშმინე, სუნთქვა დააწყნარე, გულის ფეთქვას აუყოლე, აავსე ფილტვები ცივი ჰაერით  და გამოფხიზლდი. მალე მე წავალ, მაგრამ შენ არ დაეცემი, რადგან გემახსოვრება, მე არ მოგცემ ამის უფლებას! მე არ დაგანებებ! აი მივფრინავ, სულ ცოტაც, წამებიც..

დაითვალე სამამდე…

გამაგრდი…

ისუნთქე…

იცოცხლე..

ი ც ხ ო ვ რ ე !

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s