დატოვე კვალი ცხოვრების ბილიკზე

Image

თუ შენ ამას კითხულობ, ესეიგი საკუთარ თავზე იღებ მოვალეობას, რომ გააკეთო ყველაფერი, რათა იყო უფრო მეტი ვიდრე უბრალო, რიგითი ადამიანი… თუ შენ წაიკითხავ ამას და მოგინდება იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე აქამდე აკეთებდი, დასავიწყებელი დაივიწყო, გადადგა ნაბიჯი წინ, ხოლო ტკბილ მოგონებებს ძალიან მაგრად მოხვიო ხელი და სულის ღრმა წერტილებში ჩაიტანო, ისე რომ არასდროს დაიკარგონ, ესეიგი მე შევძელი და შევასრულე ის რისთვისაც   ყოველივე ეს დაიწერა.

ცხოვრება ხანმოკლეა, იმაზე უფრო ხანმოკლე ვიდრე ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს… მაშ რატომ იწელება ის ზოგჯერ ასე? რატომ ვნატრობთ ზოგჯერ სიკვდილს? ან თუ სიკვდილს ვნატრობთ, ბოლოს მაინც რატომ გვიყვარს სიცოცხლე? იქნებ იმიტომ რომ სიცოცხლე და ასე თუ ისე ცხოვრება, საკუთარი მნიშვნელოვნების აღქმაში გვეხმარება? გვარწმუნებს რომ არ ვართ ცარიელი ადგილი. ზოგჯერ ადამიანები საკუთარ თავს უფლებას ვაძლევთ და იმდენად ამაყები ვხდებით, რომ გვგონია, ჩვენი წასვლის შემდეგ მზეც კი სხვანაირად ამოვა, ცხოვრება გაჩერდება დედამიწაზე, ყველაფერი შეიცვლება და ამისთვის ჩვენ მხოლოდ უნდა ვიცოცხლოთ. ძნელია გააცნობიერო, რომ მაშინ როდესაც შენი სიცოცხლე მთავრდება, შენთვის მზე ჩადის და არავინ იცის რა ხდება შემდეგ, შორეულ დედამიწაზე ისევ აგრძელებენ ცხოვრებას. ისევ ისე ამოდის მზე, ისევ ისე მიიჩქარიან გაურკვევლობისკენ ადამიანები, ისევ არიან ბედნიერები ცამდე ან უბედურები… უბედურები უძიროდ, უკიდეგანოდ. ძნელია გააცნობიერო, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხარ თუ არა შენ ამ შორეულ პლანეტაზე, რომელიც ტრიალებს საკუთარი ღერძისა და მზის გარშემო, ტრიალებს შეუჩერებლად და შენი სიკვდილი, შენი წასვლა მისთვის არაფერს ცვლის, მიდიხარ და ბოლომდე გაქვს იმედი, რომ ეს მოტრიალე გიგანტი ორ წვეთ ცრემლს მაინც გადმოაგდებს… და რატომ? რატომ უნდა გავაცნობიეროთ ის, რისი შეცვლაც შეგვიძლია?

ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი წასვლის შემდეგ ვიღაცისთვის მაინც აღარ იყოს მზე ისევ ისეთი და იცით რატომ? იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია გარდაცვალების შემდეგ მზეს შევუერთდეთ და უფრო ნათელი გავხადოთ ის, ვაიძულოთ უფრო იკაშკაშოს და მის გაძლიერებულ ნათებას სწორედ ისინი შეამჩნევენ, ვისთვისაც სულერთი არ ვიყავით, მათთვის ამოვა მზე , სულ სხვანაირი, უფრო დიდებული და ნათელი ვიდრე ოდესმე ყოფილა , ეს კი იმიტომ რომ იქიდან ჩვენ ვუქნევთ ხელს. ცხოვრებაც აღარ იქნება ისეთი, თუ იცხოვრებთ ისე რომ შეცვალოთ იგი. თითოეულ ჩვენთაგანში არის მზე, არის ცა, ღრუბლიანი თუ უღრუბლო, ჩვენს თვალებში ვარსკვლავებით მოჭედილი ღამის ცაა ამოტვიფრული, მაშ რატომ დავფაროთ ის სათვალით თუ უბრალოდ პრიმიტიულობის ბინდით? რატომ ვართ ამაყები? თუ ყველამ ასე კარგად ვიცით, რომ ცხოვრება ხანმოკლეა, რატომ არ შეგვიძლია უბრალოდ ვთქვათ, რომ გვიყვარს? რომ გვჭირდება? რატომ არ შეგვიძლია მოვიხადოთ ბოდიში? რატომ გვჭირდება ამდენი დრო და ფიქრი პირველი ნაბიჯის გადასადგამად? ჩვენ ხომ ვიცით, ჩვენ ხომ წაგვიკითხავს მარკესის თუ ჩარლის სიტყვები, ხომ გვიცხოვრია დადებითი თუ უარყოფითი პერსონაჟების ცხოვრებით? ხომ გვიგრძვნია როგორია მათ ადგილზე ყოფნა, ჩვენ ხომ არაერთხელ გვიცხოვრია მათუსალასავით დიდხანს? არაერთხელ დაგვიკარგავს ცხოვრების აზრი მსგავსად მარტინ იდენისა. და განა ეს საკმარისი არაა? განა ამდენი ადამიანის ფეხსაცმლის მორგება და მათი კუთვნილი გზის გავლა არაა საკმარისი იმისთვის , რომ მოვიკრიბოთ ძალა და ჩვენი ცხოვრების გზა გავიაროთ ამაყად, ყოველგვარი სინანულის გარეშე? „თუ რაღაცის გაკეთება გინდა, არასდროს არ იკითხო რა მოყვება ამას, თორემ ვერასდროს ვერაფერს გააკეთებ“. იქნებ სწორედ ესაა ჩვენი პრობლემა? ფიქრი, ზედმეტად ბევრი ფიქრი უმნიშვნელო საგნებზე, იმაზე თუ რა იქნება მომავალში და სწორია თუ არა ესა თუ ის ნაბიჯი.. ცხოვრება ხომ არჩევანთა ერთი დიდი ჯაჭვია და ამ ჯაჭვში შემავალი არცერთი რგოლი , რომელმაც თუნდაც მცირეოდენი ბედნიერება მოგანიჭათ, არ არის შეცდომა. ის მყარია და უჟანგავი, რადგან ბედნიერებისგანაა შექმნილი. საკმარისია დაფიქრდეთ და მიხვდებით, რომ უმეტეს შემთხვევაში თქვენ თვითონვე ქმნით უბედურებას და აძლევთ მას სრულ თავისუფლებას თქვენს სულზე. უბრალოდ გაიღიმე და ცხოვრება გახდება უკეთესი. მოიხსენი შავი სათვალეები, გამოუშვი ვარსკვლავები, მიეცი მათ უფლება ვარსკვლავთცვენა მოაწყონ, ცეცხლის ალში გახვიე მსოფლიო და ის შენ არ დაგივიწყებს.

P.S. ხშირად მსოფლიო ჩვენთვის სულ რამდენიმე ადამიანია, და თუ მათ გულებში ტოვებ კვალს, ჩათვალე რომ შენ შეძელი ის რაც თვით მაკედონელმაც კი ვერ მოახერხა, შენ დაიპყარი მსოფლიო და ის აღარასდროს იქნება ისეთი როგორიც შენთან ერთად იყო.  „შეიძლება დაიბადოს ადამიანი ჩემნაირი ცხვირით, თვალებით, სახის ნაკვთებით და ჩემნაირი აზროვნებითაც კი, მაგრამ მე აღარასდროს დავიბადები“ გახსოვდეს, შენ ერთადერთი ხარ, ექსკლუზიური ეგზემპლიარი, ეს შენშია ღრმად დამარხული და მხოლოდ განთავისუფლებაღა უნდა. ადამიანი ბუნების და უფლის უდიდესი სასწაულია, ამას ვერსად გავექცევით და შევიფეროთ მაინც.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s