შეუჩერებელი სვლა უმისამართო უფსკრულებისკენ

Image

 

 

ოციანი წლები. პარიზი. თითქოს სულ ათი წელიც არ გასულა „ლა ბელ“ ეპოქიდან, საუკუნის დასაწყისიდან, თუმცა უკვე წარსულს ჩაბარდა გრძელი, ჰაეროვანი კაბები, ეტლში შებმული ცხენები, ქან-ქანის მოცეკვავე გოგონები გრძელ პანტალონებში და თამბაქოს ბოლის თანხლებით გატარებული მხიარული საღამოები რესტორან მაქსიმის ბროლში ჩასმულ დარბაზებში. თითქოს ათი წელიც არ გასულა, თუმცა ახლა უკვე ოთხბორბლიანი მანქანებით დაქრიან პარიზის მოკირწყლულ ქუჩებში, კაბები შემოკლდა, უფრო აბრჭყვიალდა და გაჰაეროვნდა. ძველებური კაბარეს სტილის ჩაცმულობამ დაიპყრო პარიზელ მანდილოსანთა გულები, ერთადერთი რაც უცვლელი დარჩა, პარიზის ბნელ კუთხეებში, კედლებზე მიყრდნობილი მეძავებია,რომელთა დანახვისას უცნაური, იაფი სიამოვნების ჟრუანტელი უვლით ქუჩაში მოხეტიალე ჯიბეგამძვრალ ყმაწვილებს და ნერწყვის ყლაპვით შესცქერიან ქალებს, რომლებიც ერთი გახვრეტილი მონეტისთვის მზად არიან ხელისგულზე გადაუშალონ მთელი ხელოვნება. ვან გოგი პიკასომ ჩაანაცვლა, მთელ პარიზს იკლებს შემთვრალი ჰემინგუეის ჩხუბის მომასწავლებელი სიტყვები. და ამ დროს სწორედ პარიზია ცენტრი ყოველგვარი მხიარულებისა, შამპანიურის  უამრავი დაცლილი ფუჟერისა და ფრანგული პარფიუმის ნელსურნელებაში გახვეული, მომღიმარი მანდილოსნებისა. მსოფლიოს დედაქალაქი გამხდარა ბუდე როგორც კულტურის, ისე გართობის და აღვირახსნილობის, თუმცა ყველაზე უხამს, თუნდაც კედელზე აყუდებულ მეძავებსაც კი დაკრავთ ფრანგული გრაცია, მზად არიან აგავსონ ფრანგული სიყვარულით და იაფი კოსმეტიკის სურნელით. აქ მეძავებიც კი გრაციოზულნი არიან, ან განა შეიძლება სხვანაირად? ეს ხომ პარიზია, მსოფლიოს ცენტრი…

და სწორედ ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ცენტრში ხარ დაბადებული და გაზრდილი, თითქოს რაღაც პრივილეგიებს გაძლევს. არა მოქალაქეობრივ, არამედ პიროვნულ, მორალურ პრივილეგიებს, უფლებას, რომ შენი ბნელი მხარის შემბოჭავი ზღვარი უფრო თხელი იყოს, ვიდრე რომელიმე პროვინციელის. რაღა თქმა უნდა, ეს ფაქტი ცვლის ადამიანის არა მხოლოდ მენტალიტეტს , არამედ მის წარმოდგენებს მსოფლიოზე, მასში მცხოვრებ ადამიანებზე, სხვათა და საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებზე. და სწორედ ამიტომ მეგაპოლისებზე მცხოვრებთ უჭირთ ტრადიციების შენარჩუნება. ბევრს ისიც ჰგონია, რომ რაღაც განსაკუთრებული მისია აქვს, მხოლოდ იმიტომ, რომ დაიაბადა აქ – პარიზში…

აი სწორედ ასეთია მეოცე საუკუნის ოციანი წლების პარიზის ახალგაზრდობა. თქვენი მოლოდინისგან განსხვავებით ისინი არც რომანტიზმით არიან აღვსილნი და არც კეთილი ღიმილით გეგებებიან. ისინი არ მოჰყავს აღფრთოვანებაში არც ლუვრს და მასში მობოდიალე არისტოკრატთა სულებს, არც ნოტრ დამის უზომო დრამატულობას, არც ტრიუმფალური თაღის მნიშვნელობას, არც საკრე-კერის ბაზილიკის მოზაიკას და არც იქიდან გადაშლილ ხედს. მათთვის სიახლე არ არის არც მონმარტზე სეირნობა და არც ოლიმპიური სიმშვიდით მომდინარე სენასთვის თვალის დევნება. თუმცა ასეთი გაზულუქებული ახალგაზრდობის მხოლოდ ის ნაწილია, რომლებსაც მშობლების მატერიალური მდგომარეობა აძლევთ საშუალებას შეიგრძნონ პარიზი მთელი თავისი საოცრებით. ეს არის დრო, როდესაც სენ-ჟერმანის კუთხეში განთავსებული კაფე დე ფლორი ჯერ კიდევ არ არის ყველაზე ელიტარული გასართობი ადგილი პარიზში, აქ ჯერ მხოლოდ წარუმატებელი, ჯერ დაუფასებელი, უბედური ხელოვანები იყრიან თავს, თუმცა ახალგაზრდა წყვილები მაინც ცეკვავენ ედიტ პიაფის პადამ პადამის რიტმში და სიმღერის სახელწოდების (პადამ – მე ვვარდები) მსგავსად ცვივიან უხამსობის უფსკრულში. ცვივიან თავაწეულნი.

და რაც გინდათ უწოდეთ მათ, შეიყვარეთ ან შეიძულეთ. ისინი უბრალოდ ცდილობენ არ გაჩერდნენ ცხოვრების გზაზე, ისინი მიდიან წინ, სწორი თუ მცდარი მიმართულებით ეს თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა მთავარია რომ ერთ ადგილზე არ დგანან გაშეშებულნი. 

გაგრძელება იქნება…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s