ცხოვრების ამფითეატრი

Image

ცხოვრების ამფითეატრი

ვწევარ ნაცრისფერ, ბნელ ოთახში. ტუჩის კიდეზე დაყრდნობილი სიგარეტი ოდნავღა ანათებს, კვამლი ჭიაყელასავით იკლაკნება, ნელ-ნელა მაღლა ადის და ჰაერს უერთდება, ჰაერს რომელიც ნესტის სუნით გაჟღენთილი, ოთახში ნისლივითაა ჩამოწოლილი. გაშეშებული თვალი ჭერს მოუყვება. აქა-იქ ჩუქურთმები ჯერ კიდევ შემორჩენილა, წვიმის წყლისგან სანახევროდ ჩამონარეცხი კედლები თითქოს ჩვეულებრივზე მეტად გამუქებულან. ჭაღი, ისიც სანახევროდ დამტვრეული, უკვე დიდიხანია ფუნქციადაკარგული, კიდევ უფრო მატებს უფერულებას ყველაფერს ჩემს გარშემო, უფროსწორად ჩემი ნარჩენების, რომლებიც საწოლზე ისე დაუწყვიათ თითქოს ძვალშესალაგი იყოს და მეტი არაფერიო. ოთახი სრულიად ცარიელია, სამაგიეროდ მტვრითაა სავსე, მტვრით და ყოველგვარი სულიერი თუ ფიზიკური სიბინძურით. ერთი დამტვრეული საწოლი მიუგდიათ კუთხეში, საწოლზე კი ერთი გაუბედურებული, ჩამოძონძილი, გამხდარი და საზიზღარი არსება „დევს“. ეს არსება მე ვარ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ან კი ვისთვისაა მტკივნეული?! მე აღარაფერი დამრჩენია, აღარაფერი მახარებს, მახარებს ჯანდაბას, წყენითაც ვეღარაფერს ვგრძნობ. ამ ჩემს გაზომბებას ერთი პლიუსი მაინც აქვს, გაუტკივარება. არ მინდა ისევ ვიგრძნო რამე, არ მინდა რადგან პირველი გრძნობა, პირველი ხელახლა გატოკებული ნერვი ისევ ტკივილი იქნება, ისევ აცეკვდება თამამად ჩემს ცარიელ სულში, აცეკვდება ისე, თითქოს არც აპირებს გაჩერებასო, დაუღლელად, შეუსვენებლივ.  ჩამოკონკილი ფარდები, რომლებიც  ხის ძველისძველ ფანჯარაზე ჩამოუკიდიათ, ნაწილობრივ, მაგრამ მაინც იცავენ ოთახს სინათლისგან, რომლის დანახვისაც შეშინებული, ბუდეს მოწყვეტილი ბარტყივით ვკანკალებ. აი თურმე მაინც ვგრძნობ რაღაცას, შიშს, ცხოვრების, გრძნობის, ფეხზე წამოდგომის და შემდეგ ისევ დაცემის შიშს, რომელიც გულს ასო-ასო მიკუწავს, მალე კი გული უბრალოდ გათავდება, შეწყვეტს არსებობას, არსებობას ეს ისე, თორემ საკუთარი ფუნქციის შესრულება უკვე დიდი ხანია შეუწყვიტავს, დალუქული ქარხანასავით დაბერებულა და დამტვერილა. აი კედელზე ობობას ქსელი გაუბამს, სულ მალე ოთახში მოძრავი ერთადერთი არსება, პატარა ბუზი გაებმევა მის მახეში და ობობაც ბედნიერი იქნება. ბედნიერი იქნება თავისებურად. ბედნიერება, ბედ-ნი-ე-რე-ბა რა უცნაური სიტყვაა, როგორი შორია დღეს, არადა ოდესღაც როგორი ახლო იყო, როგორი უცხოა დღეს, ერთდროს ძალიან კარგი ნაცნობი. როდის გამექცა გალიიდან ვერც კი შევამჩნიე, როგორ გამომეპარა, ნაბდით დაჭედილი ბედაურივით უხმოდ და წყალივით უკვალოდ გამექცა, ისევ გაშალა ფრთები და ალბათ არც არასდროს იფიქრებს დაბრუნებას. მან ხომ ისევ ნახა მონატრებული ლაჟვარდი, ისევ გაინავარდა სუფთა, წმინდა ჰაერში.. ის წავიდა და აღარასდროს დაბრუნდება აქ, ოთახში სადაც ჯერ არავის გაუღიმია, სადაც უბედურება და სულის მელანქოლია თვითგამოცხადებული იმპერატორები გამხდარან და სიკვდილმისჯილი სიყვარული იქვე სადღაც ბნელ, მიუწვდომელ კუთხეში მიუგდიათ… ამ დროს საკეტის ხმა ისმის, კარი იღება, ოთახში დაუკითხავად შემოჭრილი სინათლის მსუბუქი ნათება თვალს მჭრის, მესმის უკვე დაზეპირებული, მაგრამ მაინც გაურკვეველი არაბული სიტყვები, სინათლეს გარედან შემოჭრილი ცხელი ჰაერი და ადუღებული ქვიშის სურნელი მოჰყვება. მალე რაღაც ლანგრისმაგვარს დგამენ კართან და მიყვირიან

-ჭამე! – კარს იხურავენ და გადიან. „ჭამე“ როგორი ამაზრზენია ეს სიტყვა. ჭამე, თითქოს მხეცი იყო, არაადამიანი, ბინძური პირველყოფილი კანიბალი. ჭამე საკუთარი სული, ჭამე და შემდეგ მისი ნარჩენებით იცხოვრე, ჭამე, შენში ხომ სულიერი აღარაფერი დარჩენილა, ხოდა მაშინ შენი ხორციელი მოთხოვნილებები მაინც დაიკმაყოფილე! ჭამე ღორო, შენ ხომ მეტი არაფერი დაგრჩენია.. ამაზრზენი ხარ, შენი დანგრეული ცხოვრებით, ყოფილი ძვირფასი ოცნებებით და წარსულით რომელსაც ამდენიხანია უცრემლოდ, უგრძნობლად მისტირი. ჭამე სანამ ეს მაინც შეგიძლია. გეყოფა წარსულზე ფიქრი, დაივიწყე, ვეღარ დაიბრუნებ, ვეღარ! – მესაუბრება ჩემი უხილავი მეგობარი, რომელსაც აქ მოსვლის დღიდან ჩემს სასთუმალთან დაუდევს ბუდე, აღარ მიდის, მაწამებს, მიღიმის თავისი მტანჯველი ღიმილით, მსერავს, მჭრის, მკლავს და არც კი აინტერესებს რამხელა ტკივილს მაყენებს.

-ეგოისტო! – ვეუბნები მე – ის კი კვლავ იცინის, ისე საშინლად რომ კედლებზე დამატებითი ბზარები ჩნდება. – დავიღალე – ვჩურჩულებ და თვალებს ვხუჭავ, ვეშვები წარსულის მოგონებებში, წარსულის რომელიც რეალობად ვეღარასდროს გადაიქცევა. ვიხსენებ როგორი ვიყავი . ვიხსენებ ფერებს, რომლებიც უკვე დიდი ხანია მეხსიერებიდან უკვალოდ წაიშალა. ვიხსენებ … მტკივა… და ისევ დაუსრულებლად ვიწყებ წარსულზე ფიქრს…

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s