ერიხ მარია რემარკი – ტრიუმფალური თაღი

Image

წიგნი, რომელიც იკითხება ელვის სისწრაფით. წიგნი, რომელსაც დროში მოგზაურობა რომ შეგეძლოთ, აუცილებლად წაიკითხავდით თავიდან. წიგნი, რომელიც აგატირებთ, დაგაფიქრებთ, თავს შეგაყვარებთ და იმაზე ოდნავ უკეთესს გაგხდით, ვიდრე იყავით. წიგნი, რომელსაც თუ ჩემნაირი გემოვნება გაქვთ, კიდევ მრავალჯერ მიუბრუნდებით, რომელსაც ატარებთ თან მთელი ცხოვრება და ბოლომდე ვერასდროს ვერ გაიგებთ რატომ.

შეიძლება ცოტა გადავაჭარბე, მაგრამ მაპატიეთ, უბრალოდ ჩემთვის სულ ორი-სამი წიგნი არსებობს, რომელიც ისევე მიყვარს, როგორც ტრიუმფალური თაღი (ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას, დოჩანაშვილის “სამოსელი პირველი” და ისევ რემარკის “სამი მეგობარი”).

ამ წიგნში აღწერილია ომი ომამდე. ბრძოლა, რომელსაც საკუთარ ცხოვრებაში სხვადასხვა სახით ყველა გავდივართ. რავიკი – ერთი (არა)ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც ამ ცხოვრებაში ყველა შესაძლო საშინელება ნანახი აქვს, დაწყებული ომიდან, დამთავრებული ემიგრანტობით. და მაშინ, როცა ფიქრობს, რომ მის ცხოვრებაში აღარაფერი უცხო აღარ მოხდება და მონოტონური გზით სიარული აქვს გადაწყვეტილი, ხიდზე ხვდება ქალს, რომელიც მისი ცხოვრების უკანასკნელ მონაკვეთს მთლიანად ატრიალებს. ვინ თქვა, რომ სიყვარული სკოლის მერხზე უნდა დაიწყოს და სასიკვდილო სარეცელამდე არ უნდა დასრულდეს, სიყვარული ასეთივე წარმატებით შეიძლება იყოს ხანმოკლე, მაგრამ ბევრად უფრო ძლიერი, ვიდრე ნებისმიერი სხვა.

Image

თუმცა ტრიუმფალური თაღი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალო სიყვარულის ამბავი (რომელიც ჩემი აზრით ბევრად უფრო სევდიანია, ვიდრე რომეოსა და ჯულიეტას ტრაგიკული ისტორია). აქ გვხვდება უსაყვარლესი რუსი ემიგრანტი, მოროზოვი, რომელიც შეუძლებელია არ შეგიყვარდეთ, შეუძლებელია არ მოგინდეთ მის გვერდით მოკალათდეთ რომელიმე ძველი ლუდხანის ან სასტუმრო “ინტერნაციონალის” ვერანდაზე და ისაუბროთ დაუსრულებლად, ისაუბროთ და ჩაიწეროთ მისი თითოეული ფრაზა. ან იყოთ უჩინარი მოსასხამის ქვეშ იმ ოთახში, სადაც რავიკი და ჟოანი დაუსრულებლად კამათობენ თუ უბრალოდ საუბრობენ და ჩუმად წრუპოთ კალვადოსის აი უკვე მერამდენე სირჩა.

Image

ტრიუმფალური თაღი არის წიგნი, სადაც იბრძვიან მთელი ცხოვრება და ბრძოლას წყვეტენ გადამწყვეტ მომენტში, რის გამოც კარგავენ ერთმანეთს. ეს არის წიგნი, სადაც შურისძიებას ძალაუნებურად ამართლებთ, მაგრამ ხვდებით, რომ მისგან მონიჭებული შვება არც ისეთი დიდია, როგორსაც შესაძლოა ელოდეთ. ტრიუმფალური თაღი არის ნამდვილი მეგობრობის, ფაშიზმის სიძულვილის, გვიან დაფასებული სიყვარულის და ტკივილნარევი დამშვიდობების სიმფონია, რომელიც მუდამ თქვენს გულში დარჩება. რაც ყველაზე მთავარია, ამ არაჩვეულებრივ ისტორიას ემატება რემარკის არაჩვეულებრივი უნარი, ყველასთვის გასაგები, მარტივი ენით გადმოსცეს ძალიან ღრმა და დამაფიქრებელი აზრები, გაიძულოს დაინახო საკუთარი თავი ერთ პერსონაჟში მაინც.

წაიკითხეთ, გიყვარდეთ და ისწავლეთ მათ შეცდომებზე. იცხოვრეთ თითოეული წამით, აპატიეთ და ადვილად დაივიწყეთ ძველი წყენა! დაბინდული  ტრიუმფალური თაღი მუდამ მზადაა თქვენს დასახმარებლად.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s