საინტერესო ადამიანები : სერია 1

3c88e9284e9599d27cf7d9911bbfc1b7

„საინტერესო ადამიანები“ ჩემი ახალი, საზაფხულო პროექტია, რომლის ძირითადი მიზანიც ჩემი სახლიდან გამოთრევა იყო. რამდენიმე დღის წინ მივხვდი, რომ ბანაკში წასვლა საკმარისი არ იყო იმისთვის, რომ ეს ზაფხული დაუვიწყარი ყოფილიყო. ამიტომ მოვიფიქრე ისეთი რამ, რასაც როგორც მშობლიურ რუსთვში, ისე მის ფარგლებს გარეთაც გავაკეთებდი. კარგი იქნებოდა ასეთი არასოციალური რომ არ ვიყო და შემეძლოს ამ პროექტის კიდევ უფრო მაღალ დონეზე გაკეთება, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ ჩემი თვალების, ყურების და ფანტაზიის უნარის იმედზე ვარ.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ამ მრავალნაწილიანი პროექტის შინაარსი შემდეგია : ამ ზაფხულს, ყოველი დღის განმავლობაში აღვიჭურვები ჩემი ჩვეული აკაზმულობით: პატარა ფერადი ჩანთით, ცივი ჩაის ბოთლითა და აიპოდით, გავალ რუსთავის ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩებში და შევეცდები ვიპოვო ვინმე, ვინც დამაინტერესებს თავისი გარეგნობით, ჩაცმულობით, სიარულის მანერით ან უბრალოდ ჩემი ფანტაზია მას ვიღაცას მიამსგავსებს ან მისი არჩეული მიმართულებიდან  რაიმე საინტერესო შინაარსს გამოიტანს. იმის გამო, რომ უცხო ადამიანთან მისასვლელად და სასაუბროდ სიმამაცე არ მყოფნის, მხოლოდ ჩემი წარმოსახვით დავწერ მათზე ჩანახატს. მოკლედ რომ ვთქვათ, ვიპოვი წიგნს საინტერესო ყდით და შევეცდები გამოვიცნო თუ რა წერია შიგნით. იმედია ძალიან ცუდიც არ  გამოვა. და აი ისიც, სერია პირველი:

დემონი მეოჯახეში

alcoholic-anonymous-boy

ქუჩაში გსვლის შემდეგღა მივხვდი, რომ ათის ნახევარი ცოტა გვიანი იყო ჩემი გეგმის განსახორციელებლად. თუმცა სხვა რა გზა მქონდა, უკან მიბრუნებას ვარჩიე ნახევრად ცარიელ ქალაქში გამევლო. ცენტრალურ ქუჩასა და მოედანს თავი ავარიდე და გეპეის დანგრეული შენობისკენ ავიღე გეზი. გზად მაღაზიაში შევიარე, მანგოსა და ანანასის ცივი ჩაი ვიყიდე და შევეცადე უჰაერობისგან გაწამებული სხეული რამენაირად გამეგრილებინა. დაახლოებით ოცი წუთი ისე ვიბოდიალე წყვილების, ახალგაზრდათა „სასტავების“ და  ცალყბად მომღიმარი, მთვრალი მოხუცების გარდა ვერავინ ვნახე.  (ზოგადად ჩემს ტრადიციულ სიარულს ნელი სირბილი უფრო ქვია ვიდრე ბოდიალი, მაგრამ ამ შემთხვევაში შევეცადე სიჩქარე ცოტა შემემცირებინა… ნუ შევეცადე მაინც.)

შემდეგ მიმართულება შევცვალე და რუსთაველს ჩავუყევი. ბევრი ლოდინი არ დამჭირვებია, ზუსტად მაშინ, როცა ჩაბნელებულ ქუჩაზე მივდიოდი და გულში ახალ მთავრობას გულიანად ვლანძღავდი წინ ტრადიციული ქართული აღნაგობის , საშუალო ასაკის კაცი ამესვეტა. საკმაოდ მაღალი, ოდნავ (ან ცოტა უფრო მეტად) ღიპიანი. მოკლესახელოებიან , ზოლებით მორთულ თეთრ პერანგში იყო გამოწყობილი და მხარზე ყავისფერი მამაკაცის ჩანთა ეკიდა(იმ „განათებაში“ ჩემმა თვალებმა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ჩანთა ყავისფერი იყო, რეალურად ფერზე თავს ვერ დავდებ). ისე პერანგს რომ არ გაენათებინა დიდი შანსი იყო ვერც დამენახა და შევჯახებოდი. თავიდან ისეთი არაფერი, ყურადღება არ მივაქციე, უბრალო, სამსახურიდან სახლში მიმავალ კაცს გავდა. ისიც კი წარმოვიდგინე შინ რომ მივიდოდა როგორ გამოეგებებოდნენ გახარებული შვილები, მაგრამ უცებ უცნობმა ფეხს აუჩქარა, ჩანთაც ალბათ შეირხა და იქიდან ცარიელი ბოთლების წკრიალა ხმამ მომჭრა ყური. ამ ხმის გაგონება და ჩემი გაღიზიანებული, ცუდ ხასიათზე მყოფი წარმოსახვის ჩართვაც ერთი იყო.

უაზრო არსებობით დაღლილი უკვე დიდი ხანია ცხოვრების დაკლაკნილ ბილიკებს სწორხაზოვნად მიუყვება. რა უნდა? არ იცის.. უფრო სწორად როგორ არა, იცის. კიდევ ერთი ჭიქა არაყი უნდა, სამსახურის მერე თანამშრომლებთან ერთად რომ დალია ის არ  ეყო. არც ეგაა პრობლემა, გაზეთზე გაშლილი სუფრიდან ჩუმად ხომ მოიპარა არყის ბოთლი. მერე რა რომ სულ ცოტაღა ასხია, ის ცოტაც ცოტა ხნით უშველის და მერე მოიფიქრებს რამეს. ბოლოს და ბოლოს პატარა ლიზის ყულაბაში მაინც იქნება ცოტა ფული შეგროვებული.

ქოშინით მიდის, მძიმედ მიაბიჯებს ჩაბნელებულ ქუჩაში. ეს გზაც რომ აღარ მთავრდება?! აქა იქ მაინც დადის ხალხი და ერიდება, თორემ აქვე გადაკრავდა დარჩენილ „პოლიტრას“ .

ნელა აუყვა კიბეებს. მესამე სართულზე რკინის დაჟანგულ კარს მიადგა და დააბრახუნა. დიდი , მძიმე კარი პატარა ლიზიმ წვალებით გააღო. მამის დანახვაზე თვალებში შიში ჩაეღვარა და კარის გვერდით კედელს აეკრა.

ბანცალით შევიდა სამზარეულოში. ყოველ ნაბიჯს ღრმა ხვნეშას აყოლებდა. მაგიდასთან მისი ავადმყოფურად გამხდარი, დაღლილი ცოლი კარტოფილს თლიდა რომ ქმრისთვის შეეწვა. მის დანახვაზე  ქალს სახე შეეცვალა, უემოციოდ გაყინულმა ნაკვთებმა მოძრაობა დაიწყეს და პალიტრად ქცეულ სახეზე ჯერ შიში გამოისახა, შემდეგ კი შიშს სინანულიც შეერია, თითქოს ბოდიშს უხდიდა ქმარს, აქამდე რომ ვერ გაუმზადა ბავშვების საჭმლიდან მოკლებული რამდენიმე კარტოფილი.

ცოლის დაუდევარმა საქციელმა გააბრაზა, მაგრამ ახლა ეს ნაკლებად ადარდებდა. თაროდან არყის ჭიქა გადმოიღო, მაგიდაზე ხმაურით დადგა და ჩანთიდან ბოთლი ამოაძვრინა. არყის დანახვაზე ცოლს სიმწრის ოხვრა აღმოხდა, თუმცა არც ეს აინტერესებდა. დასხმისას სასმლის ნახევარი მაგიდაზე დაღვარა, ჭიქაში კი მხოლოდ ძირზე ჩანდა ალკოჰოლის რამდენიმე წვეთი. დალია… არ ეყო… კითხვაზე „ქალო, რამე დასალევი არ გვაქვს“ უარყოფითმა პასუხმა კიდევ უფრო გააღიზიანა. ადგა, ფანჯარაში გაიხედა. ეზოშიც არავინ იყო რომ აეყოლიებინა. ამ დროს ქალს ტაფაზე დასაყრელი კარტოფილით სავსე ჯამი ხელიდან გაუვარდა. ეს კი ბოლო წვეთი იყო. მუშტი შეკრა და სამზარეულოსკენ აიღო გეზი…

და რა აზრი აქვს ასეთ ცხოვრებას? არსებობას დალევიდან დალევამდე…. როცა თავად სრულიად ინერტული ხარ , სხვებისთვის კი უბედურების გარდა არაფერი მოგაქვს. და თუ სადღეგრძელოს თქმისას ხვდები(ან ისე უბრალოდ მაინც ამბობ), რომ წამია წუთისოფელი და რომ ცხოვრება შენი მშვენიერი მანდილოსნის გარეშე არაფერი იქნებოდა, მაშინ რატომ გიჭირს ამის გაანალიზება მაშინ, როცა შენს წინ გაშლილი სუფრა არ დგას?

Advertisements

3 thoughts on “საინტერესო ადამიანები : სერია 1

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s