რატომ მეოცე საუკუნე …

ყოველთვის, როცა ვამბობ, მეოცე საუკუნეში უნდა მეცხოვრა თქო, გარშემომყოფები გაკვირვებით მიყურებენ და პირდაპირ მეკითხებიან, რატომ მინდოდა მეცხოვრა იმ ასწლეულში, რომელშიც ორი მსოფლიო ომი მოხდა, რუსეთში მეფე ჩამოაგდეს, საბჭოთა კავშირი შეიქმნა და საქართველო დაშვებული რკინის ფარდის უკან მოხვდა… შემდეგ კი ეს სოციალისტური გიგანტი დაიშალა და გასული საუკუნის ბოლო ათი წელი უმძიმესი გამოდგა ქვეყნისთვის…

თუმცა მათ არ ესმით, რომ მე მეოცეში ვგულისხმობ არა რკინის, არამედ ხელოვნების მხრივ ჩემს პირად რენესანსს.. ჩემი თვალსაზრისით, მეოცე საუკუნე ნამდვილად იყო ხელოვნების აღორძინების ხანა. ამაზე გავლენა მოახდინა როგორც აჩქარებულმა ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ისე არაერთმა ომმა. მე მეოცე საუკუნის სისასტიკე კი არა, ხელოვნება მიყვარს. ყველაფერს გავიღებდი იმისთვის, რომ “ლა ბელ” ეპოქის პარიზში გამესეირნა, მომესწრო, სანამ ამ ეპოქიდან ათ წელზე ნაკლებ დროში, მსოფლიო დედაქალაქის ქუჩებში ეტლების ნაცვლად მანქანები დაიწყებდნენ სიარულს. მუსიკა, მწერლობა, მხატვრობა, კინემატოგრაფია… თითოეული ჟანრიდან ყველა ჩემი ფავორიტი მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა. შევეცდები მოკლედ გაგაცნოთ თითოეული მათგანი (ვიცი, ისედაც იცნობთ, მაგრამ შევეცდები დაგანახოთ ისინი ჩემი გადმოსახედიდან)

მუსიკა

312475_419340481488829_1066685144_n

მუსიკალურად ჩემთვის მეოცე საუკუნის მეორე ნახევარია გამორჩეული. 50-იანებში გამოჩნდა ელვის პრესლი და ჩემი უსაყვარლესი ფრენკ სინატრა, თავისი ხავერდოვანი ხმით.

379307_418012348288309_496457976_nშემდეგ უკვე სამოციანებში The Rolling Stones, The Who და The Doors -სი უყრიან როკ მუსიკას საფუძველს.

257988შედარებით გვიან სამოციანებში კი ჯენის ჯოპლინი იწყებს მსმენელთა გულების მსხვრევას თავისი გამაოგნებელი ხმით.

944151_416526608444533_1836829530_nსამოცდაათიანები ჩემი პირადი ოქროს ხანაა : Led Zeppelin, Pink Floyd, Deep Purple, Black Sabbath განა მეტის თქმა საჭიროა? მსოფლიო მუსიკა გადაატრიალეს ამ ლეგენდარულმა ჯგუფებმა, ყირაზე დააყენეს ყველაფერი (დადებითი მნიშვნელობით).შემდეგ უკვე ოთხმოციანებში scorpions (ჩემი პირველი სერიოზული როკ ჯგუფი, ლინკინ პარკიდან ამათზე გადმოვედი :D) Queen, AC/DC და Metallica.

69251_418009428288601_1527487823_nოთხმოცდაათიანებში ამ ლეგენდების დანატოვარს ასე თუ ისე აგრძელებენ ნირვანა და ოაზისი, თუმცა შემდეგ 21-ე საუკუნე დგება და შედარებით ნორმალური ჯგუფებიდან როკის მოყვარულებს მხოლოდ მიუზი და პლაცებო გვრჩება.

კინემატოგრაფია

ესეც არანაკლებ გემრიელი თემაა. მეოცე საუკუნეში მიუხედავად იმისა, რომ ჰოლივუდი მოწოდების სიმაღლეზე იდგა, ჩემთვის პირველი მაინც ევროპული კინოა. ევროპული კინოს გახსენებაზე კი პირველ რიგში გენიალური მსახიობი, ანა მანიანი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო რეჟისორი, წარმოსახვის მასტერი, ადამიანი ფანტაზია, ფრედერიკო ფელინი მახსენდება. თუმცა აქ ყველა ფილმი და მსახიობი რომ განვიხილო,რომელიც მომწონს, პოსტი უზარმაზარი და მოსაწყენი გამოვა. ასე რომ მოკლედ შევეცდები.

საყვარელი რეჟისორი: ალფრედ ჰიჩკოკი

polls_hitchcock_1_4924_759742_poll_xlarge

ერთადერთი და განუმეორებელი ❤ ადამიანი, რომლის ნამუშევრებიც მაშინებს, მაცინებს და მატირებს ერთდროულად. მის ფილმებში ყველაფერია, საშინელებიდნ დაწყებული , მელოდრამითა და კომედიით დამთავრებული. უყურებ ერთ ფილმს და ეცნობი ყველა ჟანრს. რამდენიმეს უთქვამს, მაგ კაცს მაგრად ეკლდაო, მაგრამ შემოქმედს ცოტა თუ არ აკლია, მაშინ რაიმე გენიალურის შექმნა ცოტა გაუჭირდება.

საყვარელი ფილმები მისი შემოქმედებიდან: Vertigo, Rear Window

მსახიობები

აი ეს უფრო რთული თემაა. ჩემთვის მეოცე საუკუნის კინემატოგრაფია ქალებს ეკუთვნოდათ.

 

182309_353782461354487_163764225_n   2f5d2a759e28

რა თქმა უნდა, ყველამ ვიცით უმშვენიერესი ოდრი და მერლინი, ბევრს ელიზაბეტ ტეილორიც გაუგია, თუმცა მათ გარდა იყვნენ ჩემთვის ნომერ პირველი ბეტი დევისი, გრეტა გარბო (თვალები!!!!), მარლენ დიტრიხი (მისაბაძი ქალი. სხვა რომ არაფერი, “ტრიუმფალურ თაღს” რემარკისა და მარლენის ურთიერთობამ ჩაუყარა საფუძველი), უმშვენიერესი გრეის კელი (ბრავო მშობლებს, სახელი ზედგამოჭრილადაა შერჩეული) დაუვიწყარი ანა მანიანი (არავიითარი მონიკა ბელუჩი, ანაა იტალიური კინოს დედოფალი) და ჩემთვის უუსაყვარლესი, ვივიენ ლი ❤

გრეტა გარბო

გრეტა გარბო

ვივიენ ლი

ვივიენ ლი

გრეის კელი

გრეის კელი

მარლენ დიტრიხი

მარლენ დიტრიხი

მამაკაცებიდან კი კლარკ გეიბლს, ჯორჯ პეპარდს და გრეგორი პეკს გამოვყოფდი.

 

download (4)  download (5) download (6)

 

ახლა კი საყვარელი ფილმები:

ყველა დროის საუკეთესო (ჩემი სუბიექტური აზრით) ფილმი

ქარწაღებულნი ❤  (Gone with the wind)

images (1) გენიალური ფილმი, გენიალური მსახიობების მონაწილეობით. კლარკი და ვივიენი თითქოს ზედგამოჭრილები არიან თავიანთი პერსონაჟებისთვის. ფილმი, რომელმაც 4 საათის განმავლობაში ეკრანზე მიმაჯაჭვა. ფილმი, რომელმაც გამომატარა ომი, მაგრძნობინა სიხარბე, იმედგაცრუება, სკარლეტის დაუოკებელი სული, რედის უზომო სიყვარული, ტკივილი და უბედურება, გაოცება და სიხარული, საბოლოოდ კი იმედი, ხვალინდელი დღის, ახალი განთიადის იმედი. ვუყურე თუ არა, მაშინვე ავტყდი, წიგნი მინდა თქო. ბიბლუსში აღმოვაჩინე (ქართულად არა, რა თქმა უნდა, ასეთ სქელტანიან, თან ნაკლებად ცნობილ წიგნს ვინ გადათარგმნიდა) , სანამ არ ვიყიდე და საწოლის გვერდით არ დავდე, იქამდე ვერ მოვისვენე. იმის მერე, თითქმის ყოველ ღამით ვკითხულობ საუკეთესო ფრაგმენტებს და არ მწყინდება.

ქარწაღებულნის გარდა მხოლოდ ერთ ფილმს დავამატებ, ბევრი რომ არ გამოვიდეს და ეს არის დაუვიწყარი, სევდიანი, თბილი და ყველაზე ლამაზი კასაბლანკა “We’ll always have Paris!”

CasablancaPoster-Gold არაფერს ვამბობ ჰამფრი ბოგარტისა და უუუმშვენიერესი ინგრიდ ბერგმანის შესრულებაზე. მათი თითოეული მზერა ძვალსა და რბილში ატანს. ფილმი ულამაზეს სიყვარულის ისტორიაზე, მოვალეობასა და გამოუვალ სიტუაციაზე ❤

მხატვრობაზე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ ნაკლებად ვერკვევი და თან რა არის სათქმელი, საკმარისია უბრალოდ ვახსენოთ დალი, მოდილიანი, პიკასო… მეოცე საუკუნე, ამით ყველაფერი ნათქვამია.

და ყველაზე ტკბილი ლუკმა ბოლოსთვის

მწერლობა 

შეუძლებელია ასწლეულში ორი მსოფლიო ომი მოხდეს და ამის შედეგად არ შეიქმნას არცერთი გენიალური ნაწარმოები. სწორედ ამიტომ მეოცე საუკუნეს იპყრობენ ისეთი მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი მწერლები, როგორებიც არიან: რემარკი, ჰემინგუეი, ფიცჯერალდი, ორუელი, ვულფი, კაფკა, ჰამსუნი,კრისტი, ჰესე, ბულგაკოვი, ნაბუკოვი და ა.შ. ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია.

ე.მ. რემარკი

image არ არსებობს მწერალი, რომელიც მასზე მეტად მიყვარს. მისი წიგნები პირველივე ფურცლიდან ჭაობივით გითრევს და ხვდები, რომ წითლდები, რადგან გგონია, რომ რავიკსა და ჟოანთან ერთად ხარ ოთახში, თავს ხრი, რადგან გეჩვენება, თითქოს დასავლეთის ფრონტზე ხარ… ნერვიულობ, რომ პატი შეიძლება დაიღუპოს , გიყვარდება ლენცი მთელი გულით, ელოდები რავიკს მთელი ცხოვრება და სუნთქვა გეკვრება, როცა კლერფე რბოლას იწყებს.

რემარკი გერმანელი იყო, ომიც გამოიარა და იმდენიც მოახერხა, რომ მისი შემოქმედების გამო სამშობლოდან გაეძევებინათ. ის ისე პირდაპირ აპროტესტებდა ფაშიზმს, გასაკვირია, რომ ცოცხალმა დააღწია თავი მშობლიური ქვეყნის გაუმაძღრობის კლანჭებს. მის წიგნებში იგრძნობა შეუჩერებელი ამბოხი ომის, არაჰუმანურობის მიმართ. გარდა ამისა, რემარკი ხატავს ადამიანის ცხოვრების ომს, ბრძოლას რომელიც არ მთავრდება არასდროს. ბრძოლას ბედნიერებისთვის. ის საუბრობს ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე და იყენებს ყველაზე მარტივ სიტყვებს. სწორედ ესაა ჩემთვის რემარკის ხელწერის მთავარი მახასიათებელი: ერთი შეხედვით უბრალო სიტყვები, რომლებსაც შეუძლიათ დაგაფიქრონ და არ მოგეშვან მანამ, სანამ მიზანს არ მიაღწევენ და მწერლის ჩანაფიქრს არ მიგახვედრებენ. ზოგადად რემარკის დახასიათებას რომ მთხოვენ ვიბნევი, “აი ისეთია, აი როგორ ავღწერო, აი აი სასწაულია პირდაპირ.” მიჭირს მასზე ემოციური მხრიდან ლაპარაკი, რადგან სიტყვები არასდროს მყოფნის, ტექნიკურად რომ ვაფასებ მაშინ კი თავი საზიზღარი არსება მგონია, ვინც ცდილობს ხელოვნება რაღაც ჩარჩოებსა და შაბლონებში მოაქციოს. სწორედ ამიტომ უბრალოდ ვამბობ, რომ რემარკი მთელი გულითა და გონებით მიყვარს და რომ მის გასაგებად წაკითხვაა აუცილებელი.

საყვარელი წიგნი

გაგიკვირდებათ და ჩემი საყვარელი მწერალი და საყვარელი წიგნი ერთმანეთს არ ემთხვევა. მრავალი გენიალური ნაწარმოებიდან, ჩემთვის ჯერ-ჯერობით მყარ პირველ ადგილს ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” იკავებს.

tumblr_mzpz1kHLLB1sby76ro1_500 კიდევ ერთი რამ, რასაც ვერასდროს დავახასიათებ საკმარისად კარგად. უბრალოდ მიყვარს, მთელი არსებით მიყვარს. სხვანაირად შეუძლებელია. იმდენად კეთილი და თბილია, იმდენად მეოცნებე, ბავშვური და ამავდროულად გენიალური. ამ წიგნს მთლიანი პოსტი აქვს მიძღვნილი და შეგიძლიათ მარტივად იქ წაიკითხოთ. თუმცა არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ვიტყვი, საკმარისი მაინც არასდროს იქნება.

აი ასე და ამგვარად, ვითომ არაფერი, არადა რამდენი ვიტლიკინე. სხვა ჟანრებს იმდენად კარგად ვერც განვიხილავ რომ მოვინდომო, ამიტომ უბრალოდ დავანებებ თავს. სწორედ ზემოთ დაწერილი თითოეული სიტყვაა მიზეზი იმისა, რის გამოც მე უდიდესი ინტერესით ვიცხოვრებდი მეოცე საუკუნეში. ვიცი, ყველა თანმდევი უბედურების გადატანა გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც.. ამასაც თავისი ინტერესი აქვს.

მგონი დაგღალეთ…

To infinity and beyond 😉

Advertisements

5 thoughts on “რატომ მეოცე საუკუნე …

    • გამახარე ძალიან! რატომღაც მეგონა, რომ მოსაწყენი გამოვიდოდა. ჩემი ცოხვრების ნაწილია ეს ყველაფერი და მეშინოდა, რომ საკმარისად კარგად ვერ წარმოვაჩენდი 😀

  1. ვკითხულობდი პოსტს და მივხვდი, რომ შენც რემარკის მსგავსად წერ – შენ საუბრობ პირდაპირ, მნიშვნელოვან თემებზე მარტივი სიტყვებით… ^_^ მიუხედავად იმისა, რომ მეოცე საუკუნე ჩემი არასოდეს იქნება, ყველაფერს რაც მიყვარს ერთად მოუყარე თავიი და სიამოვნებით წავიკთხე..♡

    • თუ ოდესმე შევძელებ რემარკის მსგავსად წერას, ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება 😀 მადლობა ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s