(არა)ჩვეულებრივი

tumblr_n8ds6b2hz11t8eq1go1_500

ზღვის ნაპირზე და კიდევ უფრო მოშორებით, აჩქარებული , უდარდელი ფეხის მიერ შეურაცხყოფილი წყლის სარკე გაფერმკრთალდა. ამღვრეული ზღვის მოშიშვლებული, თეთრი მკერდი. წყვილ-წყვილად გამწყდარი ნოტები. ხელი, რომელიც ფრთხილად ჭიმავს შორეული არფის სიმებს და ძალაუნებურად შთანთქავს გაწყვეტილ აკორდებს. ტალღისებურად გაფერმკრთალებული, მქრქალ განთიადზე მოციმციმე, შეუღლებული სიტყვები…

*

მივდივარ ბურუსით დამძიმებულ ქუჩაში. მივაბიჯებ დანამულ, ლამპიონების განათებისგან აელვარებულ, სინათლის სხივებთან მოთამაშე ასფალტზე და ვგრძნობ თუ როგორ მოძრაობს ჩემი აფრიკიდან ჩამოტანილი, უცნაური სიმბოლოებით მორთული ხის ყელსაბამი ჩემს თითოეულ ნაბიჯთან ერთად. დაბნეული დავაბოტებ არარსებული ქალაქის არარსებულ ქუჩებში და არარსებულ მუზას ვეძებ. საით? ალბათ სრული ნიჰილიზმისკენ. ან კი უიმედობის გარდა სხვა რა დამრჩენია აქ და ახლა, როდესაც ყველაფერი ერთმანეთში აიზილა და საკუთარი სისრულის შეგრძნება ისე დაკარგა, როგორც  პალიტრაზე შემთხვევით არეულმა საღებავებმა.

ვგრძნობ, რომ სიბნელე ძლიერდება. თუმცა რეალურად სიბნელე სიბნელეა. თუ ირგვლივ ყველაფერი შავი და უფორმოა, ე.ი. ბნელა და მორჩა. არ შეიძლება სიშავე იყოს ძლიერი ან სუსტი, სხვა შემთხვევაში იგი უკვე ნაცრისფერი ხდება.

ვერ ვხვდები საიდან, როდის, რისთვის ან როგორ შემოძვრა მელანქოლიის მძიმე აჩრდილი ჩემს სულში. ან რა მოეწონა იქ ისე, რომ შორი გზიდან მოსული სტუმარივით მოსვლისთანავე დამტვერილი პალტო საკიდზე ჩამოკიდა, ძველ სავარძელში კომფორტულად მოეწყო და გადაწყვიტა რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო ამ ახალ საცხოვრებელში.

ზედმეტად ძლიერი მარჯვენა კი ქონია ახალ ნაცნობს. შიგნიდან თავისი გაურკვევლობით და უმოძრაობით შექმნილი ხელი პირდაპირ გულში ჩამავლო და მთელი ძალით მოუჭირა. არც დაინტერესებულა აქა-იქ გაბზარულ სხეულს როგორი კვნესა აღმოხდა და არც ამ სხეულის მიწაზე დანარცხებას და ბროლის ჭურჭელივით მილიარდ ნაწილად დამსხვრევას შეუწუხებია მაინც და მაინც.

დამსხვრევა ადვილია, გამთელებაა ჩვენი წარმოსახვის ჰორიზონტს რომ სცდება, თორემ საკუთარი თავის დაქუცმაცებას და უგზო-უკვლოდ დაკარგვას რა უნდა. სწორედ ამიტომ დავაბოტებ არარსებული ქალაქის ქუჩებში და ვეძებ ჩემი სხეულის ნამსხვრევებს. ზედმეტად დიდხანს შემორჩენილი სტუმრის მასპინძლობით დაღლილი სული მტკივა და ყოველ ჯერზე უბედურების მომასწავლებელი ტალღის მთელ სხეულში (მის ნანგრევებში) დავლით მახსენებს თავს.

რაღაც წარმოუდგენლად შემზარავის მოახლოების შიში ისე უეცრად მიმათრევს მის ამოუცნობ სიღრმეებში, როგორც გამძვინვარებული ტალღა. ფიქრების ზღვა ღელავს, ცეცხლისფერი ადევს ბრაზისგან და სულ უფრო ღრმად მექაჩება. უნდა, რომ თავისი ვნებების ქარცეცხლში გამხვიოს და მეც მასავით სპონტანურ და დაუოკებელ, უშიშარ სულად მაქციოს. თუმცა თუ ფიქრი ზღვაა, შიში ოკეანეა, რომელიც ნელ-ნელა მაღლა იწევს და ტბორავს იმ ტაძრის ნანგრევებს, ერთ დროს რომ ჩემი სხეული ერქვა. სიმამაცე და მომავლის იმედი ნემსით გახვრეტილ მაშველ რგოლს ჩაჭიდებიან. ამ წყლით სავსე ნავიდან კი თავის დასაღწევი არსად ჩანს, რადგან პირველ რიგში ის არ ვიცი, თუ როგორ და რატომ აღმოვჩნდი აქ. რატომ დამჩემდა დრო გამოშვებით რაღაც აუხსნელი, შემზარავი, ორგანიზმის გამყინავი შიშის მასპინძლობა? უსაფუძვლო, ყოველგვარი ფესვის გარეშე აღმოცენებულმა მელანქოლიამ საიდან იპოვა მზე ასაყვავებლად? როგორ უნდა ვაჯობო მტერს, რომლის წინააღმდეგ საბრძოლი არავითარი რესურსი არ გამაჩნია?

და მაინც..

ტრადიციულად – To infinity and beyond :/

Advertisements

2 thoughts on “(არა)ჩვეულებრივი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s