საინტერესო ადამიანები:სერია III – წვიმაში დაკარგულები

sun

ზოგადად წვიმისადმი მუდმივად ცვალებადი დამოკიდებულება მაქვს. ხან მიყვარს, ხანაც ვერ ვიტან. დღეს მიყვარდა, მიყვარდა ისე, როგორც არასდროს. მაშინაც მიყვარდა, თქეში რომ იყო და სკოლიდან გიჟებივით რომ მოვდიოდით გალუმპულები, ნაბიჯის აუჩქარებლად, სიცილ-ხარხარით, მაგრამ დღეს სხვანაირად… დღეს ჩემთვის, ჩაღიმებულს მიყვარდა.

ინგლისურიდან რომ გამოვედი უკვე ღამე იყო ჩამოწოლილი დანამულ ქალაქში. ცოტა ციოდა, მაგრამ არა შემაწუხებლად. აი ისე, ოდნავ რომ წაგიყინავს ცხვირს და ხელების ჯიბეებში ჩაწყობას რომ მოგანდომებს, მაგრამ მთლად კანკალსაც არ დაგაწყებინებს. მე ასეთი სიცივეც მიყვარს. განსაკუთრებით მაშინ, როცა რაღაც სასწაულით ტყავის კურტკის ქვეშ სვიტრი მაცვია და არა მოკლემკლავიანი მაისური.

წვიმდა. ლამპიონის ფონზე გავხედე სივრცეს და აღმოჩნდა რომ საკმაოდ გემრიელად აყრიდა ზეცა დედამიწას ცრემლებს. თუმცა თავისთვის ტიროდა მაღლა ვიღაც, რადგან შემაწუხებელი ნამდვილად არ იყო მისი ცრემლები. მეც ჩემი ნაქსოვი ბერეტი ჩამოვიცვი თავზე და ნელ-ნელა გავუყევი სახლის გზას.

გქონიათ მომენტი, როცა საღამოს ან ღამე (დღისით ეს სიტუაცია ვერ წარმომიდგენია) შენი ქალაქი იმდენად მყუდრო გეჩვენება, რომ უბრალოდ გინდა ღია ცის ქვეშ დაიძინო? ასე იყო ახლაც. რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარს მივუყვებოდი, ყურსასმენებიდან Hozier-ის Cherry wine იღვრებოდა, მე კი  ხეების აჩრდილს ამოფარებული ლამპიონის აქა-იქ გამკრთალ შუქს ვეთამაშებოდი და არაფერი მინდოდა სხვა. ყველაზე მეტად კი ის მახარებდა, რომ არ ვიყავი ერთადერთი, ვისაც წვიმა ფეხის აჩქარებას ვერ აიძულებდა. მივდიოდი რაც შეიძლება ნელა. არ მეჩქარებოდა სახლში, იმიტომ, რომ ისედაც სახლში ვიყავი.

თქვენი არ ვიცი და პირადად მე წვიმის დროს აციმციმებული, გაცოცხლებული ასფალტის ყურებაც კი მიყვარს. მიყვარს ძველი სარკესავთ რომ ირეკლავს ალაგ-ალაგ სხეულებს და სინათლის სხივებს. ვუყურებდი, უყურადღებოდ მივაბოტებდი წყალში (ვაღიარებ, სახლში მისულმა კედებს რომ დავხედე, ეს გადაწყვეტილება სულ ოდნავ ვინანე) და ვხვდებოდი, რომ არ მადარდებდა არაფერი. ვხვდებოდი და სულელივით მეღიმებოდა.

და იცით რა აკლდა ამ სიტუაციას იდეალურამდე?… არ არის რთული გამოსაცნობი. რა თქმა უნდა, შოკოლადი! მეც არ დამეზარა, გზიდან ცოტა გადავუხვიე და მუსიკალურის გვერდით პატარა მაღაზიაში ჩემი საყვარელი შავი, ყავით შეზავებული შოკოლადის ფილა ვიყიდე. შემდეგ უკვე რა ნეტარება იყო წვიმაში სეირნობა, არაჩვეულებრივი მუსიკის მოსმენა და უგემრიელესი შოკოლადის ჭამა, ეს თქვენთვითონ წარმოიდგინეთ…

მართალია გაციება არ მასვენებდა, სახლში მისულს ქიმია მქონდა სასწავლი, მაგრამ ამ ყველაფერს არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა მაშინ. არ ჰქონდა მნიშვნელობა არც ჩემთვის და არც იმ რამდენიმე ადამიანისთვის , რომლებიც ჩემსავით სულელური ღიმილით დააბოტებდნენ ძველი რუსთავის ქუჩებში.

წვიმდა… წვიმდა უჩუმრად. სველდებოდა ყველა და ყველაფერი: საქანელები, დანგრეული და შემდეგ აღდგენილი გეპეის შენობის კედლები, გაჩერებასთან დადგმული სკამი, საიდანაც ერთ დროს მეგობრებმა ნინოს კუთვნილი დორიან გრეის პორტრეტი გავუშვით სახეტიალოდ. სველდებოდა გზა, რომელსაც შარშან თითქმის ყოველ საღამოს ვტკეპნიდი ბავშვებთან ერთად მათემატიკიდან წამოსული. სველდებოდა ჩემი ეზო და დიდი თუთის ხე, რომელთანაც ვიხუჭებოდით ხოლმე მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ გვქონდა დახუჭობანას სათამაშო დრო. სველდებოდა კიბეები, რომლებზეც მთელი ბავშვობის განმავლობაში ჩემი და ჩემი დაქალს სათამაშოები იყო გადაშლილი. დარწმუნებული ვარ, ჩემის გარდა ის ეზოც სველდებოდა, პირველი შატალოს შემდეგ რომ შევაფარეთ თავი და ჩემი მეზობლების ბაღებიც ინამებოდა, საიდანაც თეთრ ვარდებს, მკვახე ჭერამს და ალუჩას ვიპარავდით ხოლმე ბავშვები. აწვიმდა მთავარ მოედანს , ფილაქანზე კი ღამის ცა ირეკლებოდა. აწვიმდა ყველა იმ მოკლე გზას, რომელიც როდესმე გაგვივლია სიჩქარის ან სიზარმაცის გამო. აწვიმდა ჩემს ქალაქს და სველდებოდა ყველა და ყველაფერი, რამდენიმე, წვიმაში დაკარგული მეოცნების გარდა…

P.S.ვიიიცი, რომ ეს საინტერესო ადამიანების ტრადიციული გაგრძელება არაა, მაგრამ ეს პოსტი რომ არ დამეწერა, ისე არ შემეძლო.

To infinity and beyond! (ნოსტალგიითა და სენტიმენტებით გავსებული ჩემოდნით) ❤

2 thoughts on “საინტერესო ადამიანები:სერია III – წვიმაში დაკარგულები

Leave a comment