არცთუ საყვარელი წიგნები (ანუ გაცრუებული იმედები)

blog.jpg

ზოგადად იშვიათია, რომ წიგნი არ მომეწონოს, ვერ დავამთავრო და მითუმეტეს ვინანო, რომ მასზე დრო დავკარგე. მიმაჩნია, რომ ყველა ნაწარმოებში დევს რაღაც, რაც შეიძლება დაგვამახსოვრდეს, რის გამოც ის დაიწერა, შემდეგ კი დაიბეჭდა.

თუმცა არის წიგნები, რომლებიც მინდოდა მომწონებოდა, ველოდი კიდეც ამას, მაგრამ რატომღაც ერთმანეთს ვერ შევეწყვეთ. ზოგი ჩემი ბრალი იყო, ზოგიც ალბათ მათი, მაგრამ ფაქტი ფაქტია. და არც გასაკვირია ამაში რამე. შეუძლებელია ყველაფერი მოგწონდეს და გესმოდეს.

საბედნიეროდ ასე ცივად ბევრ წიგნს არ დავშორებივარ. სულ რამდენიმე იმედგაცრუებაა ჩემს ჩამონათვალში. ალბათ იმიტომ, რომ ძირითადად კლასიკას ვკითხულობ, კლასიკა კი იშვიათად გვიცრუებს იმედს. ამ პოსტში ნახსენები “ვერ შეყვარებული” ობიექტებიდანაც უმეტესობა YA (young adult) ნოველაა. რა ვქნა, თანამედროვე ლიტერატურასთან შეწყობა მიჭირს (თუმცა გამონაკლისიც საკმაოდ ბევრია).

1) “თამაში ჭვავის ყანაში” – ჯერომ სელენჯერი

catcher

ცოტა მეშინოდა ამ წიგნზე ცუდის დაწერა, იმიტომ, რომ ვიცი, ბევრს უყვარს, თუმცა რა ვქნა, მე არ მომეწონა. ალბათ უფრო ჩემი ბრალია, იმიტომ, რომ 13 წლის ასაკში წასაკითხი წიგნი, 16-სამ წავიკითხე. არ იფიქროთ, რომ წიგნს ჩარჩოში ვაქცევ და მკითხველის ასაკს ვაწესებ. არა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თავისი დროის ათვლის სისტემა აქვს. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ წიგნში გადმოცემული პრობლემები, მე 13 წლისას მაინტერესებდა, 16-სას კი უკვე უმეტესობაზე საკუთარი პასუხი მქონდა ნაპოვნი. ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას თარგმანს ვერ დავაბრალებ, იმიტომ, რომ ინგლისურად წავიკითხე და სელენჯერის წერის სტილიც ზუსტად ისეთად დავინახე, როგორიც არის. ვერც მან მომხიბლა. მთავარი პერსონაჟის ლაპარაკის მანერამ და ზოგადად სტილმა, რომლითაც ნაწარმოებია დაწერილი, ჩემზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. არ გეგონოთ, რომ “მაღალი შტილით” დაწერილი წიგნები მომწონდეს. არა, რემარკი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი, სწორედ თავისი მარტივი ენით გადმოცემული რთული აზრების გამოა. თუმცა სელენჯერის სტილს მაინც ვერ მოვერგე, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიური ენით დაწერილი და მარტივად საკითხავი წიგნების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. ალბათ მაინც იმის ბრალია, რომ ჭვავის ყანაში თამაშის შემდეგ კლდიდან გადმოვვარდი. კითხვის პროცესში წიგნიდან უკვე დიდი ხნის გაზრდილი ვიყავი.

2)”ეშმაკს აცვია პრადა” – ლორენ ვისბერგერი

5139

მდაა. აი აქ უკვე ბოდიშის მოხდას აღარ ვაპირებ. არ მომეწონა. საერთოდ არ მომეწონა! ფილმი ბავშვობიდან უზომოდ მიყვარდა და ქართული თარგმანიც ისე მიმზიდველად გამოიყურებოდა, რომ შემომეყიდა. აი რატომ არ უნდა შეაფასო წიგნი გარეკნის მიხედვით. ლამაზი ყდის უკან ისეთი საშინელად საკითხავი , ტიპური, გადატკეპნილი სიუჟეტი, სიტყვები და სიტუაციები დამხვდა, რომ ლამის ის ყდაც თავზე დავახიე მთარგმნელიან გამომცემლიანად ყველას. საერთოდ არ დამაინტერესა ავტორმა. იმდენად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული იყო მისი სტილი, რომ ერთი სული მქონდა ბოლოში გავსულიყავი (არ მიყვარს წიგნების შუა გზაში მიტოვება, მგონია, რომ რაღაც კარგს გამოვტოვებ ბოლოსკენ) და თაროზე შემომედო ეშმაკიც, პრადაც და ენდის გაურკვევლობაც. ალბათ მსახიობების დამსახურებაა, ფილმი რომ ასე მომწონს, თორემ წიგნი ნამდვილად დროის ფუჭი ფლანგვაა.

3) “თუ დავრჩები” – გეილ ფორმანი

Ifistaybook

პრობლემა მგონი აქაც იგივეა. ზედმეტად ნაცნობი, ტრადიციული, მრავალ ფილმში ნანახი და ყელში ამოსული სასიყვარულო სცენები. როკერზე შეყვარებული “კარგი” გოგო და ბლა ბლა ბლაა.. რამდენჯერ შეიძლება, როდემდე, რატომ… მე მჯერა, რომ კარგ მწერალს შეუძლია ყველაზე ბანალური სცენაც კი ახლებურად გადმოსცეს, გეილ ფორმანმა ეს ვერ შეძლო. თითქოს სიუჟეტი უცხოა, მთავარი პერსონაჟი ხომ თავის სხეულს უყურებს, ხედავს , როგორ ენატრებათ ამ სამყაროში და არ იცის, დაღუპულ მშობლებს გაეკიდოს, თუ შეყვარებულთან დარჩეს, მაგრამ პატარ-პატარა მომენტებია იმდენად გაცვეთილი, რომ კითხვის დროს ალაგ-ალაგ სახის გამომეტყველებას ვეღარ ვიმორჩილებდი. არ დამიმთავრებია, ნერვები არ მეყო. რა ვიცი, რა ვიცი..

4)”გამცემი” – ლუის ლოური/ლაური (ნუ რაღაც შუალედური ო-სა და ა-ს შორის :D)

The_Giver_Cover

არა, ცუდი იყო თქო ვერ ვიტყვი, თუმცა 184 გვერდიანი წიგნისთვის ზედმეტად დამღლელად მომეჩვენა. ერთ დღეში წავიკითხე, იმიტომ,რომ ზაფხული იყო და მეცალა, თან წერის სტილიც მსუბუქია (თუმცა არა გამაღიზიანებელი, როგორც წინა ორ შემთხვევაში), სიუჟეტიც საინტერესო, მაგრამ არ ვიცი, რატომღაც ვერ შევეწყვე. აქ უკვე სხვა პრობლემაა, ემოციურად არცერთ პერსონაჟთან არ მქონდა კავშირი. რეალურად არ მადარდებდა, ვინმეს რამე მოუვიდოდა თუ არა. მე კი ასე არ შემიძლია. ვინმე უნდა მიყვარდეს, ვგულშემატკივრობდე, ან მეზიზღებოდეს და სურვილი მიჩნდებოდეს თმით ვითრიო, შიშველი ხელებით მოვკლა და საერთოდ გავაქრო დედამიწიდან. პერსონაჟს ემოციურად თუ არ დავუკავშირდი, მაშინ როგორ უნდა ვიგრძნო რამე? აი ეს იყო პრობლემა, თუმცა რეალურად წიგნი არც ისეთი ცუდი არაა. არის საინტერესო მომენტები, კარგი ფრაზები და სიუჟეტიც დღეს თითქოს ფართოდ გავრცელებულია, მაგრამ 91-ში, როცა ის დაიწერა, ნამდვილად ახალი იყო. ასე რომ ლუისი პატივისცემას თუნდაც იმიტომ იმსახურებს, რომ მის გარეშე შესაძლოა “შიმშილის თამაშები”, “დივერჯენთი” და მსგავსი სიუჟეტის საინტერესოდ საკითხავი წიგნები არც შექმნილიყო.

5) “საუზმე ტიფანისთან” – ტრუმან კაპოტე

9780241951453

ფილმი “საუზმე ტიფანისთან”, ჯორჯ პეპარდისა და ოდრი ჰეფბერნის მონაწილეობით, ნომერ მესამეა ჩემს საყვარელ ფილმებს შორის, ქარწაღებულნისა და კასაბლანკას შემდეგ. ალბათ ფილმის ასეთმა სიყვარულმა გამოიწვია წიგნისადმი ანტიპათია. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ პირველივე გვერდიდან მივხვდი, წიგნი და ფილმი ერთნაირად რომ არ მთავრდებოდა, რამაც მაინცდამაინც არ გამახარა, მაგრამ არც მაშინვე არ ამცრუებია ამ წიგნზე გული. კითხვის პროცესში მივხვდი, რომ ჰოლიც არ იყო ისეთი საყვარელი, დაკარგული გოგონა, როგორიც ფილმშია და ვერც ის სითბო ვიგრძენი, რომელიც ფილმიდან იღვრებოდა. (თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ წიგნში ვერანაირად ვერ ჩასვამდნენ იმ სცენას, რაფაზე შემოსკუპებული ჰოლი ოკულელეზე რომ უკრავს და moon river-ს მღერის). ადრე წავიკითხე, თვითონ ტრუმან კაპოტეს მთავარი როლისთვის მერლინ მონრო უნდოდაო და მაშინვე ვიფიქრე, რომ მერლინის შესრულებული მის გოლაიტლი, ჩემთვის უბრალოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალი იქნებოდა და არა საყვარელი, გზააბნეული გოგონა, როგორც ეს ოდრის შემთხვევაში მოხდა. მერლინის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ ამ როლში ოდრის გარდა ვერავინ წარმომიდგენია. წიგნის წაკითხვის შემდეგ კი მივხვდი, რომ ტრუმანის დანახულ ჰოლის, მერლინი მოუხდებოდა, თუმცა ფილმიც ისეთივე უემოციო გამოვიდოდა, როგორიც წიგნი იყო.

6) “ქარიშხლიანი უღელტეხილი” – ემილი ბრონტე

emily-bronte-wuthering-heights

რატომღაც მგონია, რომ ჩემი ბრალია, ამ წიგნის შეყვარება რომ ვერ მოვახერხე. თითქოს შესაბამისი დრო და ხასიათი ვერ შევურჩიე. არ მეცალა და კითხვის პროცესი გამიგრძელდა, ემოცია დამეკარგა, პერსონაჟებიც კი გავიცანი, მაგრამ მგონია, რომ საკმარისად კარგად ვერა. მოკლედ მგონი მე უფრო გავუცრუე ქარების სახლს იმედი, ვიდრე მან მე. უბრალოდ ისე არ შემიყვარდა, როგორც ველოდი და ვთვლი, რომ ერთხელაც იქნება აუცილებლად გადავიკითხავ თავიდან. შეიძლება მაინც არ მომეწონოს, თუმცა ცდას ნამდვილად ვაპირებ. გული მიგრძნობს ამ წიგნს ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა ახლო მომავალში.

ცოტა შერეული ემოციებით მდიდარი პოსტი გამოვიდა 😀

To infinity and beyond! ❤

8 thoughts on “არცთუ საყვარელი წიგნები (ანუ გაცრუებული იმედები)

  1. თამაში ჭვავის ყანაში” – ჯერომ სელენჯერი <ზუსტად იგივე წარმოდგენა მაქვს და მეც 16 წლის, რომ ვიყავი მაშინ წავიკითხე. 🙂
    საინტერესოა

  2. სელენჯერზე და ბრონტეზე გეთანხმები, დანარჩენ ორ წიგნს ჯერ ახლოს არ ვიცნობ. სელენჯერი ნამდვილად გვიან წავიკითხე მეც. აი ბრონტეს რაც შეეხება შეიძლება მიზეზი ისაა, რომ it’s not just our kind of love.

  3. Zurab says:

    “you know those ducks in that lagoon right near central park south ? that little lake ? by any chance , do you happen to know where they go , when it gets all frozen over ? “- ამ კითხვაზე პასუხი გაქვს ? მხოლოდ ამ კითხვის გამოა “თამაში ჭვავის ყანაში ” კლასიკა , მხოლოდ ამის გამო , ყველაფერს რომ თავი დავანებოთ …

    • კლასიკა არ არის თქო არც მითქვამს, უბრალოდ ყველას ვერ მოეწონება რაღაც,მხოლოდ იმიტომ, რომ ის რაღაც კლასიკაა. ეგ არის და ეგ :))

  4. ქარიშხლიანი უღელტეხილი ვერც მე შევიყვარე.
    თუ დავრჩები წაკითხული არ მაქვს, ფილმი ვნახე და მეტისმეტად ბანალურია. თამაში ჭვავის ყანაში 23 წლის ასაკში წავიკითხე და ძალიან ძალიან შემიყვარდა. დანარჩენი არ ვიცი 🙂

    • სხვათაშორის “ქარიშხლიანი უღელტეხილი” გადავიკითხე და სრულიად შემეცვალა აზრი. “თუ დავრჩები ” ბანალუროა ნამდვილად და “თამაში ჭვავის ყანაში” კი იმდენად სხვანაირი წიგნია, რომ ან შეგიყვარდება ან ძალიან იმედგაცრუებული დარჩები , შუალედი არ არსებობს მგონი 😀

  5. ნან says:

    აბსოლუტურად გეთანხმები, სელინჯერის ეს წიგნი იყო უდიდესი იმედგაცრუება,ისეთებს წერდნენ,რომ მოვრჩი კითხვას ვიფიქრე ალბათ მე ვერ ჩავწვდითქო, “ეშმაკს აცვია პრადა” და “საუზმე ტიფანისთან” იმდენად მიყვარს ფილმები რომ წიგნებს ვეღარ წავიკითხავ ნამდვილად (ჩვეულება მაქვს უბრალოდ ასეტრი,რომ ჯერ წიგნი წავიკითხო,ჩემი შთაგონებით შევქმნა ამ წიგნის სამყარო და შემდეგ ვუყურო ფილმს), აი ეგ წიგნი კი if i stay ფილმის ყურება დავიწყე და იმდენად ბანალური იყო ჩემთვის ბოლომდე ვერც ვუყურე და რათქმაუნდა არც წიგნზე დავხარჯავ დროს,” ქარიშხლიანი უღელტეხილი” შევიძინე და ჯერჯერობით თაროზე მიდევს 🙂 სხვა წიგნებია ჯერ რიგშჰი და მაგიტომ 🙂 შენს სიას მივამატებდი რაბინდრანატ თაგორი – “დღენი ჩემი სიჭაბუკისა” 50წიგნშია შესული და აი ერთადერთი წიგნია რომელიც დავიჭე 2კვირა ვეწვალე და დავხურე და ის 2 კვირაც მენანება,რადგან შემეძლო ღაიმე ღირებული წამეკითხა ამ დროში,წარმოუდგენლად უინტერესო,გაწელილი,ინდური “რაღაცეებით” გაჟღენთილი გაუგებრობა

    • ხდება ხოლმე, ერთი და იგივე რაღაც ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება. ერთისთვის რაც 50 წიგნში შესატანია, მეორესთვის დროის ფლანგვაა. “ქარიშხლიანი უღელტეხილი” გადავიკითხე და სრულიად შემეცვალა აზრი. მგონი არ ინანებ თაროდან თუ მალე ჩამოიღებ 😉 ოღონდ დრო და ენერგია უნდა, მსუბუქად წასაკითხი ნამდვილად არაა.

Leave a reply to დაიჭირე წამი Cancel reply