სად მიდის სიყვარული?

wdtlg

ჩემი ლამის ერთ თვიანი დუმილის მიზეზი “უმუზობაა”. ყოველდღიურად შემოვდიოდი ბლოგზე, ვნახულობდი სტატისტიკას, მნახველთა რაოდენობას და ჩემი დუმილით დარცხვენილი გავდიოდი იმიტომ, რომ უბრალოდ არ ვიცოდი რა დამეწერა.

თუმცა დღეს , სულ რამდენიმე წუთის წინ ყველაფერი შეიცვალა. საწოლზე ვიჯექი, კედელზე საახალწლო ნათურებით გაკეთებული მოციმციმე ნაძვირ ხის ქვეშ ჩაის ვსვამდი და მუსიკას ვუსმენდი, როცა ძველი მოგონება მეწვია.

მოგონება დაახლოებით ექვსი წლის წინანდელია და იმ პერიოდს უკავშირდება, რომლის გახსენებაც არ მიყვარს. არ მიყვარს იმიტომ , რომ სუნთქვას მიმძიმებს, შინაგან კანკალს იწვევს და ვერასდროს ვიმორჩილებ. ერთ ფოტოგრაფიულად გახსენებულ მომენტს, მეორე მოყვება, მეორეს მესამე და ბოლოს პანიკამდე მივდივარ. არ მიყვარს, იმიტომ რომ ეს არ ყოფილა ერთ დღიანი ან ერთ თვიანი ცუდი პერიოდი, ეს იყო ოთხ წლიანი რკინის ფარდა, რომელიც როგორც იქნა გადავწიე. არ მიყვარს, იმიტომ, რომ ათი წლის ვიყავი ეს ყველაფერი რომ დაიწყო და ასე მგონია მეორე დილით ოცისამ გავიღვიძე. ძალაუნებურად , ერთ დღეში მაიძულეს გავზრდილიყავი. და რაც მთავარია, არ მიყვარს იმიტომ, რომ სრულიად მარტომ, ყველასგან ჩაკეტილ სივრცეში გადავიტანე, ისე, რომ არავისთვის მითქვამს რამე, არავის შეუმჩნევია და დღემდე არავისთვის მომიყოლია ის ოთხი წელი დეტალურად. ალბათ უფრო იმიტომ, რომ სიტყვებით გრძნობების ბოლომდე გადმოცემა შეუძლებელია. ის, რასაც მე გაგიჟების პირას მივყავდი, მოყოლისას ერთ ტიპურ ამბად იქცევა, სადაც არაფერია განსაკუთრებით ცუდი. არადა შეუძლებელია ის მუდმივი ნერვიულობა, ამ ნერვიულობისგან შეკუმშული გული და ატკიებული ორგანიზმი აღუწერო ვინმეს. ეს უნდა იგრძნო, თუ არ გიგრძვნია, ვერც გაიგებ.

ექვსი წლის წინ ჩემი მშობლები დაშორდნენ. არ ვთვლი, რომ ეს ყველაზე დიდი უბედურებაა,რაც ადამიანს შეიძლება დაემართოს და არც დეტალების მოყოლას ვაპირებ, რადგან ვთვლი, რომ პირადული მაინც პირადულია და არც მინდა ყველაფრის ძირეულად გახსენება. უბრალოდ ვიტყვი, რომ დაშორების პროცესი მტკივნეული, აგრესიული და საშინლად რთული იყო. ამას ემატებოდა ის ფაქტიც, რომ მყავდა პატარა ძმა, რომელიც სრულ გაურკვევლობაში იყო და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ მე შემომყურებდა, ამიტომ მომიწია გაზრდა. ჩემები არ დარჩენილან მეგობრებად, პირიქით. იყო სასამართლო, სამ თვიანი არეულობა, რომელიც დღემდე ერთი დიდი ნისლითმოცული პერიოდია, იმიტომ, რომ კარგად ვერ ვიხსენებ რა ხდებოდა. ბოლოს კი ყველაფერი “დამთავრდა”, მაგრამ რეალურად არაფერი დამთავრებულა. მათ კამათს სულ წელიწადნახევარია რაც წერტილი დაესვა. კამათს, რომლის დროსაც გამშველებელი ყოველთვის მე ვიყავი. ცალ-ცალკე, ორივე კარგი მშობელია, ორივეთან უახლოესი ურთიერთობა მაქვს და ორივე მათგანი ჩემი საუკეთესო მეგობარია, მაგრამ როცა ერთმანეთთან აქვთ პრობლემა.. ამაზე მეტს აღარ ვიტყვი, უბრალოდ ეს ყველაფერი პოსტისთვისაა საჭირო, რადგან თემა რომლის განხილვაც მინდა, პირადია და ამ მოვლენას უკავშირდება.

მოკლედ ვიჯექი საწოლზე, ვცდილობდი ჩაი ადამიანურ ტემპერატურამდე დამეყვანა და არსაიდან გამახსენდა ექვსი წლის წინანდელი ამბავი.

უკვე სასამართლო იყო დაწყებული, როცა სრულიად შემთხვევით დედაჩემის ძველ დღიურს გადავაწყდი. დღიური იწყებოდა ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე და დამატებით რამენიმე მომდევნო თვესაც მოიცავდა. ვკითხულობდი და მაოცებდა მათი სიყვარული, თავგადასავლები, ერთად გამოვლილი პრობლემები, ჩემამდე დაკარგული ბავშვი და 90-იანები, დრო, როცა ყველას უჭირდა, დრო, რომელსაც ერთად გაუმკლავდნენ.

17 წლისები დაქორწინდნენ. მიუხედავად ამისა, ორივემ დაამთავრა უნივერსიტეტი და ფაქტობრივად ერთად გაიზარდნენ. ხშირად მიფიქრია, რომ პატარა ასაკში შექმნილი ოჯახები, ადამიანის ცვლილების გამო ინგრევა. იზრდები და ხვდები, რომ შენც შეიცვალე და აღარც შენს გვერდით მდგომი ადამიანია ის, ერთ დროს ვინც გიყვარდა.

და მაინც, ისინი ერთად 12 წელი იყვნენ. თორმეტი წელი, რომელიც არც მუდმივ ჩხუბში გაუტარებიათ და არც ცემა-ტყეპაში. რა თქმა უნდა, ბევრჯერ უკამათიათ, მაგრამ კამათით ხომ ყველა კამათობს.

იყო ცუდი, ძალიან ცუდი მომენტებიც კი. ისეთები, სამუდამოდ რომაა ჩემს მეხსიერებაში ჩარჩენილი, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მათი დაშორების მიზეზს ეძებს გონება მუდმივად. სხვა შემთხვევაში ეს მოგონებები დიდი ხნის წინ წაიშლებოდა მეხსიერებიდან. უბრალოდ ვერ ვხვდები, სად წავიდა სიყვარული? მათ ხომ ერთმანეთი უყვარდათ, თან ძალიან.

დიდი ხანი ვცდილობდი გამეგო რა იყო განსხვავება ინგლისურ “I love you”-სა და “I’m in love with you”-ს შორის. დაახლოებით ქართულად მიყვარხარ და შეყვარებული ვარ-ად ითარგმნება. ბოლოს მივხვდი. შეიძლება გიყვარდეს სამუდამოდ, აი პირველ სიყვარულზე რომ ამბობენ, არასდროს დაგავიწყდებაო, ისე. შეყვარებული კი მაშინ ხარ, თუ მისით სუნთქავ, მისით ცოცხლობ და უმისოდ ვერ წარმოგიდგენია. აი ქვეყნის დასალიერშიც რომ გაყვები თუ საჭირო იქნება, მაშინ. თუ ადამიანზე მთელი გულით შეყვარებული იყავი, შემდეგ კი მშვიდად დაშორდით, მაშინ შეგიძლია თქვა, რომ ის სულ გეყვარება და იგულისხმო, რომ შენს გულში მას ყოველთვის ექნება ადგილი, რომელიც სითბოსთან ასოცირდება. , რომ მისი დანახვა კი არ შეგაშინებს, არამედ ღიმილს მოგგვრის იმიტომ , რომ ქარბორბალა და ვნება ჩავლილია, ახლა მხოლოდ მზრუნველობის და მადლიერების გრძნობაა დარჩენილი. აი ესაა ამ ორ ტერმინს შორის განსხვავება.

როცა შეყვარებულობიდან უბრალოდ სიყვარულზე გადადიხარ, გასაგებია სად მიდის გრძნობა. ენერგიის მსგავსად ის არ იკარგება, უბრალოდ სახეს იცვლის. მაგრამ ჩემების შემთხვევაში სიყვარული მთლიანად გაქრა და იგი სიძულვილმა ჩაანაცვლა.

დაშორება და გადაყვარება ერთი და იგივე არაა, მაგრამ როცა იქცევი ისე, თითქოს მას არც არასდროს უარსებია და ასეთი ქცევა საერთოდ არ გაწუხებს, ესეიგი აღარ გიყვარს. და სწორედ ეს მაინტერესებს, თუ ადამაიანი ამდენი ხნის განმავლობაში გიყვარდა, სად წავიდა ეს სიყვარული? მომდევნო ადამიანზე გადავიდა? არა, ეს სისულელეა. არ შეიძლება ორჯერ გიყვარდეს ერთნაირად. ვერავინ დამაჯერებს, რომ დედაჩემს თავისი მეორე ქმარი, ან მამაჩემს მეორე ცოლი ისევე უყვარს, როგორც მათ ერთმანეთი უყვარდათ. შეიძლება უყვართ უფრო მეტად ან ნაკლებად, მაგრამ ზუსტად ისე? შეუძლებელია.

განა შეიძლება რაღაც ისეთი გრანდიოზული და ამავდროულად ადამიანური, როგორიც სიყვარულია, უბრალოდ აორთქლდეს? ცაში გამოკიდებული დარჩეს? განა შეიძლება გრძნობა, რომელიც ტკივილამდე გსიამოვნებს უბრალოდ გაქრეს? და თუ სიყვარული ქრება, მაშინ რა ჩნდება მის ადგილას? სიცარიელე? თუ ასეა, სიცარიელე შეუვსებელი უნდა იყოს, რადგან ის ერთ კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის, ერთმა დატოვა და სხვა მას ვერასდროს შეავსებს. შეიძლება გადაფაროს, მაგრამ ზუსტად ვერასდროს შეავსებს.

მჯერა, რომ ადამიანებს შეიძლება შეუყვარდეთ არაერთხელ. თუმცა, როგორც ერთ მდინარეში ვერ შეხვალ ორჯერ, ისე ვერ შეძლებ გიყვარდეს ერთნაირად რამდენჯერმე. აბა სად მიდის ის ძველი გრძნობა? დავიწყებას ეცემა? იმარხება? ან იქებ ის ნებისმიერ შემთხვევაში სახეს იცვლის და ხან თბილ მოგონებად, ხან კი უხერხულობად, ტკივილად ან სიძულვილად იქცევა?

და მართლაც.. საიდან მოდის სიყვარული? ან სად მიდის?

tumblr_ncr9hf49iG1tt8vxzo1_500

To infinity and beyond!

Advertisements

4 thoughts on “სად მიდის სიყვარული?

  1. ისეთი რაღაცეები გიწერია, რაზეც მე ბევრჯერ მიფიქრია. მსგავსი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ მე მაგას ვფიქრობ ზუსტად თუ ადამიანი გიყვარდა როგორ შეიძლება სხვა ადამიანი შეიყვარო მისნაირად. ძალიან საკამათო თემაც არის

  2. მეტკინა.
    შენი ტკივილიც მეტკინა და ის განზოგადებულიც, რასაც პოსტი მიუძღვენი…

  3. rogori sayvareli xar, martla ganvicade sheni posti❤
    ar midis arsad is siyvaruli, me dzalian patara var imistvis ro gipasuxo, tumcaga shenma postma shtamagona davcero chemi shemdgomi posti.
    mec mkonda ici rogori siyvaruli? ai pirveli ki da bolo rom ggonia, umisod suntqvac rom ar carmogidgenia, romelic ki ar gaqra, gavakre… ubralod drota ganmavlobashi xvdebi, rom es is araris da amas wertili unda dausva.. dedashenis mesmis, qali adre xvdeba rogor jobia ckvilistvis, ubralod chems shemtxvevashi es mxolod chemi kopili siyvarulis gulis tkivilit damtavrda, dedashenis shemtxvwva cota ufro rtuli situacia, iyo ori bavshvit.. dzaan rtulia, ogond damijee deda tu giyvars , is exla ufro tavisufali da lagia vidre mamastan ikneboda..

    • არა, ეგ მესმის ძალაინ კარგად და არც არავის ვადანაშაულებ მათ დაშორებაში, ორივესთან ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს და დიდი ხანია ეს ყველაფერი კატასტროფად აღარ მეჩვენება. უბრალოდ მაგალითისთვის დავწერე , თორე ორივე ბედნიერია ახალა და მე მეტს არც არაფერს ვითხოვ მათგან.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s