როცა გონებას სიკვდილი იპყრობს

tumblr_ncw0s37rdb1qhn71uo1_500

ამ პოსტის დაწერა უკვე დიდი ხანია მინდა, იმიტომ რომ ამ თემას თავიდან ვერ ვიგდებ. უკანასკნელად მგონი გუშინ, სკოლაში გავიფიქრე უეცარ სიკვდილზე. დერეფანში მივდიოდით, ქიმიის კაბინეტისკენ (შეიძლება ამის ბრალიც იყო) და უცებ თავისით ამოტივტივდა გონებაში კითხვა: რა უნდა მოვასწრო იმ დროში, რომელიც არც ვიცი მაქვს თუ არა? ახლა რომ რამე დამემართოს, რა მექნება გაკეთებული? რაში მექნება დახარჯული 17 წელი? კლასელს ვკითხე, აი კარგ შემთხვევაში 70 წელი რომ ვიცოცხლო, რა უნდა გავაკეთო ამ 70 წელში, რა უნდა მოვასწრო თქო.. გაუკვირდა, ისეთი რის გაკეთებას აპირებ, მაგხელა დროში რომ ვერ ეტევიო.. ისეთის არაფრის, უბრალოდ არც 17 წელია ცოტა და აი, რა გავაკეთე? ბევრი არაფერი. რა თქმა უნდა, ბევრი კარგი მომენტი მახსოვს, ბევრი ღიმილი, ცრემლებამდე სიცილი, ბევრი კარგი სპექტაკლი თუ ფილმი, ახალი გენიალური მუსიკოსის აღმოჩენით გამოწვეული სიხარული, ტელევიზიიდან თუ სოციალური ქსელებიდან გაგონილი, ყველანაირ საღ აზრს მოკლებული რეპლიკით გამოწვეული ბრაზი და მერე ამ ბრაზის ბლოგზე ამონთხევაც მრავალი ყოფილა. ტკივილიც იყო, არც თუ ისე ცოტა, თუმცა ბევრად მეტიც გადაუტანიათ დარწმუნებული ვარ. ფრჩხილების კვნეტაც ყოფილა, უთვალავი შატალოც, გამოცდების ჩაბარების შემდეგ მეგობრებთან ერთად გათენებული ღამეებიც და კიდევ ბევრი კარგი წიგნიც (რამდენიმე ცუდიც). მიღწევების მხრივაც თითქოს არ ჩავფლავებულვარ… კრებულში შესული , ნამდვილი წიგნის ნამდვილ ფურცლებზე დაბეჭდილი ჩანახატი, პირველი ადგილი IBSU-ს მიერ ჩატარებულ ჟურნალისტური წერის კონკურსში, ბაქსვუდი(გამოცდილება, რომელიც ყველა დანარჩენზე ძვირფასია), მაგრამ…

კიდევ ხომ ბევრი ღიმილია “გასაღიმი”, ბევრი ცრემლია დასაღვრელი, ბევრი ფილმია სანახავი და ათასჯერ მეტი წიგნი წასაკითხი. ჯერ ხომ კიდევ ბევრი ადამიანია გასაცნობი, შესაყვარებელი, გასაბრაზებელი, გასახარებელი თუ დასახმარებელი. ვინ იცის კიდევ რამდენი პოსტია დასაწერი, რამდენი სისულელეა გასაპროტესტებელი, რამდენი მოგონებაა შესაქმნელი. რამე ფასეულია დასატოვებელი, ისეთი, რაც ჩემს პატარა სამყაროს მაინც შეცვლის, საყოველთაო დიდს თუ ვერა. სხვა რომ არაფერი, ის ერთადერთია საპოვნელი, მოკლედ როგორც ყველასთვის ცნობილი პარტიის არანაკლებ ცნობილი ლოზუნგი გვეუბნება: “გასაკეთებელი კიდევ ბევრია!” გასაკეთებელი ბევრია, დრო კი სულ უფრო და უფრო მეცოტავება.

ადრე 10 წელიც კი არანორმალურად დიდი დრო მეგონა, ახლა ასიც აღარ მყოფნის. არ მყოფნის იმიტომ, რომ ყოველთვის მომავალს ვგეგმავ, აი დამოუკიდებელი და ქარივით თავისუფალი რომ ვიქნები, სამსახური რომ , დღეში სკოლასა და სამ მასწავლებელთან რომ აღარ ვიქნები წასასვლელი, მერე ამას ვიზამ , იმას ვიზამ… აი ზუსტად ამ დროს მეფიქრება, იქნებ ის დრო სულ არ მოვიდეს? ან იქნებ მოვიდეს და ზუსტად ისე “არაგრანდიოზულად” გავიდეს როგორც ახლა? სიცოცხლე ერთია და მისი არც დაპაუზებაა შესაძლებელი და არც უკან გადახვევა. ერთია და მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ წამიკითხავს მარკესის შეგონებები, მაინც მიჭირს ყოველი დღე ისე ვიცხოვრო, თითქოს ის უკანასკნელი იყოს. მე ხომ ისიც არ ვიცი, უკანასკნელ დღეს როგორ ვიცხოვრებდი, დაგეგმვა რომ შემეძლოს რას გავაკეთებდი. რასაც კი მოვასწრებდი ყველაფერს ვნახავდი? თუ საყვარელ წიგნს დავუბრუნდებოდი? ძვირფასი ადამიანების გარშემო ყოფნას ვამჯობინებდი? თუ ზღვიდან არ ამოვიდოდი მთელი დღე და დაუსრულებლად ვიცურებდი? არ ვიცი, მართლა არ ვიცი, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ერთად მინდა. მინდა ყველაფერი მოვასწრო. უზომოდ მინდა მსოფლიოს შემოვლა და ამავდროულად მინდა რაღაც შევცვალო, კვალი დავტოვო. ძალიან ძალიან ძალიან მინდა რაც შეიძლება მეტი ვნახო, რაც შეიძლება მეტი წავიკითხო, რაც შეიძლება მეტი გავიგო და რაც შეიძლება ბედნიერი ვიყო. მინდა შემიყვარდეს გულის ატკიებამდე, მინდა რავიკის თვალით დანახულ პარიზში ვიბოდიალო, რემარკისეული პარიზი მინდა ფეხით შემოვიარო, ტრიუმფალურ თაღს მინდა ჩავეხუტო და ჩავჩურჩულო, რომ ეიფელი მასთან ახლოსაც ვერ მივა. მინდა ვნახო ნოტრ-დამი და ის ხედი, რომელიც კვაზიმოდოს ეშლებოდა იქიდან, მინდა ვნახო გრევის მოედანი, რომელზეც ესმერალდა სურვილის ცეცხლს ანთებდა… მინდა ოლივეირასა და მაგას გზა გავიარო, პარალელურად კი მათსავით ვუსმინო კოლტრეინს, მინდა ვისაუზმო კაფე დე ფლორში. და ეს მხოლოდ ერთ ქალაქში.. ბარსელონაზე, რიოზე, მალდივებზე, ნიცაზე, ნიუ-იორკზე, ლონდონზე, ნაპაზე, სიდნეისა და სანტორინიზე აღარაფერს ვამბობ. აღარც იმაზე გავაგრძელებ ლაპარაკს, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა და მაჰათმა განდის ნახევრობა არა, მაგრამ მეათასედობა მაინც რომ მინდა. უბრალოდ რაც უფრო მეტი რამის მოსწრება მინდა, მით უფრო მეცოტავება დრო და მით უფრო მეტად მამძიმებს ფიქრი იმაზე, რომ ისედაც გამოზომილი რაოდენობის დღეებს ტყუილად ვფლნგავ. ვიცი, კარგი მომავლის შექმნას ვცდილობ, მაგრამ ვაიდა ეს მომავალი არასდროს მოვიდეს? იქნებ აწმყოა ჩემი მომავალი და მე არ ვიყენებ მას? ამ კითხვაზე სულ გაბრაზებულ-შეშინებული ტონით ნათქვამი, “რა დროს შენი სიკვდილია, რა სისულეებზე ფიქრობ” მოყვება ხოლმე. არადა გვინდა თუ არა ამის დაჯერება, სიკვდილი ძალიან რეალურია და ისიც ყველამ კარგად ვიცით, რომ ის მოსვლამდე არ რეკავს და დროს არ გვითანხმებს. სწორედ ამის მეშინია.. ხან მეტად, ხან ნაკლებად, მაგრამ ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტად მეშინია…

P.S. თუ ცოტა აბლანდული და გაურკვეველი , ან სულაც გაუმართავი აზრები იპოვეთ, არ გაგიკვირდეთ, არეულ გონებაზე დაწერილი პოსტია.

To infinity and beyond.

Advertisements

2 thoughts on “როცა გონებას სიკვდილი იპყრობს

  1. მარიამო says:

    “სიცოცხლე ერთია და მისი არც დაპაუზებაა შესაძლებელი და არც უკან გადახვევა.”
    ალბათ ყველას გვიფიქრია იმ დროზე, როცა აღარ ვიქნებით. ხშირად მიგრძვნია, თითქოს დრო არ მყოფნის… ღამით, როცა გვიან ვიძინებ, შეიძლება იმით ავხსნა, რომ არ მეძინება, ამ დროს კი თვალები თავისით მეხუჭებოდეს. აი, მაშინ თითქოს მენანება დრო ძილისთვის. ესაა მიზეზე.
    რა კარგად აღწერე ყველაფერი ❤

    • ძალიან ბევრჯერ დამმართნია მასე. სულ მგონია რომ სისულელეებში ვხარჯავ დროს. რაც მაშინ, როცა არც კი იცი რამდენი წელი/თვე ან სულაც დღე გაქვს დარჩენილი, დაუშვებელია. მაგრამ რავიცი, შეიძლება ამ სისულელეებსაც თავისი ხიბლი აქვს :/

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s