სიცარიელე

image

ოდესმე თავი აბსოლუტურად გამოფიტულად გიგრძვნიათ?  ალბათ კი. შემზარავი, დამაბნეველი და ცივი ბატონობა სრული შინაგანი სიცარიელისა, სავარაუდოდ ის გრძნობაა, ერთხელ მაინც ყველას რომ დაუფლებია. თითქოს ყველაფერი ჩვეულებრივადაა და უცებ შიგნით ყველაფერი გეჭმუჭნება. ჯერ თითქოს რაღაცაზე ღელავ, ადგილს ვერ პოულობ, არ იცი რა გინდა, შემდეგ კი,თუ ამ აღელვების მიზეზს მიაგენი, ნიჰილიზმი გიპყრობს, რადგან, როგორც წესი, პრობლემის გამოსწორება არ შეგიძლია.
დავიცალე. ყოველდღიურობის აუტანლად უცვლელმა რიტმმა მთელი ენთუზიაზმი გამომაცალა. პირველად გავიდა ნოემბერი ისე,რომ ვერ შევისუნთქე მისი მშვენიერება. შესაძლოა ვინმესთვის სასაცილოც იყოს, მეცადინეობით დაღლილი აბიტურიენტის უაზრო წუწუნად მიიღოს ეს სიტყვები, თუმცა ეს პოსტი სიზარმაცის გამო არ იწერება. შემოდგომა ისე გავიდა, ფეხქვეშ ხრაშუნა ფოთლები არ მიგრძვნია, ფერთა ჩამოშლილი ცისარტყელა არ შემინიშნავს, ჩემთვის ეს ტრაგედიაა. ყოველი კვირის ბოლოს ვამბობ,რომ კვირამ ელვის სისწრაფით ჩაიქროლა,ეს კი იმის დამსახურებაა, რომ ერთი დღე მეორეს გავს, მეორე კი მესამეს. ზოგადად მიმაჩნია, რომ ამ წელს ბოლომდე დახარჯვა, სასურველი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა ხანდახან, ისეთ დღეებში,როგორიც დღევანდელი იყო, თავიდან ვერ ვიგდებ ხმას,რომელიც მეუბნება, რომ დროს ვფლანგავ, საკმარისად არ ვაფასებ სიცოცხლეს და რომ ის მომავალი, რომელზეც ასე ვზრუნავ, შესაძლოა არც მოვიდეს.  წარმოგიდგენიათ რამხელა სითავხედეა დროის ფუჭი ხარჯვა? მაშინ, როცა ისიც არ იცი, ერთი საათი გაქვს დარჩენილი, დღე, წელი, თუ საუკუნე, უაზროდ ცხოვრება ძალიან დიდი რისკია.
უბრალოდ ზოგჯერ ყველაფერი უშინაარსო ხდება. ვიჯექი, ვუყურებდი თაროზე დახვავებულ ახალ წიგნებს და ნერვები მეშლებოდა, რომ მათ მაგივრად მრავალკუთხედების დახასიათება და თვისებები უნდა მეკითხა. დღეს პირველად ვიგრძენი, რომ მიუხედავად ცუდად ყოფნისა,წერა არ შემეძლო, რამაც ერთდროულად გამაბრაზა, შემაშინა და კიდევ უფრო ცუდად გამხადა. ზოგადად მაშინ ვწერ, როცა რაიმე ემოციას განსაკუთრებული ძალით განვიცდი. არ აქვს მნიშვნელობა, მიხარია, მტკივა, დაბნეული ვარ,თუ გაბრაზებული, საკმარისია წერა დავიწყო, რომ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ისეთ რაღაცებს ვიგებ, ისე წარმოდგენაც რომ გამიჭირდებოდა. ვთვლი,რომ წერა საკუთარ ქვეცნობიერთან გამართული დიალოგია და ამ დიალოგის მონოლოგად გადაქცევამ გამაცოფა. რთულია რაღაცაში ხსნის პოვნას მიეჩვიო და ერთ დღესაც აღმოაჩინო, რომ ეს რაღაც აღარ გშველის. ამავდროულად კი ისიც ვიცოდი, თუ რატომ ვერ ვწერდი. ვერ ვწერდი იმიტომ, რომ სექტემბრიდან მოყოლებული ყოველ დღე ან არგუმენტირებული ესე იჯღაბნებოდა ჩემი ქართულის რვეულში,  ან ანალიტიკური, ან სულაც სამკითხვიანი. თუმცა ესეთა ამ კოროანტელში “ჩემი” არცერთი არ იყო. ყოველ შაბლონურ წინადადებასთან ერთად მემატება ზიზღი საკუთარი თავისა და გარემოებებისადმი. შეიძლება ბევრმა ვერ გაიგოს, თუმცა თუ წერა თქვენთვის დიდი მნიშვნელობის მატარებელი არაა, წარმოიდგინეთ, რომ იძულებული ხართ ძალით, დამახინჯებულად და უგულოდ გააკეთოთ ის, რაც აქამდე ყოველთვის შვებას გგვრიდათ. ვერ ვიტან ლექსების დანაკუწებას, დასახიჩრებას და მათში რაციონალურობის შეტანას. ვერ ვიტან აბსტრაქციისთვის ფრთების შებორკვას და ვერ ვიტან განათლების სისტემას, რომელიც მაიძულებს ავხსნა,თუ რატომ იყო გალაკტიონისთვის თოვლი იისფერი.
სწორედ ამიტომ, დღევანდელი დღე გავაუქმე. ყველანაირი მოვალეობა გვერდზე გადავდე,  რაც შეიძლება თხლად ჩავიცვი,რომ სიცივეს ძვალ-რბილში დაეარა, ყურსასმენებით აღვიჭურვე და წავედი. ხშირად უმისამართოდ სიარული და Marble sounds-ის მოსმენა ისაა, რაც მჭირდება ხოლმე. დღესაც ასე იყო და ის ფაქტი, რომ ეს პოსტი იწერება, ამის დასტურია.  ლოდივით დაწოლილი ფიქრებისგანაც გავთავისუფლდი, პარკში მოსეირნე ძაღლებსაც ვეთამაშე, შემორჩენილ ყვითელ ფოთლებშიც ვიბოდიალე, მზის ჩასვლისას ცის არნახული იისფერი და ვარდ-ნარინჯ-ატმისფერიც შევისრუტე თვალებით და სიცარიელეც თითქოს გაქრა.
ცხოვრება ქაოსითაა სავსე. მთავარია ხანდახან გაგვახსენდეს, რომ მთელი სიცოცხლე დილიდან დილამდე მოვალეობებზე ფიქრში  არ უნდა გავატაროთ, თორემ კი არ ვიცხოვრებთ, არამედ უბრალოდ ვიარსებებთ. ზოგჯერ აუცილებელია საკუთარი თავი ხელახლა გაიცნო და ჩემ შემთხვევაში, გაიხსენო,რომ უკვე დეკემბერია, შენი საყვარელი თვე, 25-ში დაბადების დღე გაქვს და ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გეჩვენება.

To infinity and beyond!

Advertisements

4 thoughts on “სიცარიელე

  1. D.Guramishvili says:

    სანატრელი დაძახილის მოლოდინში ფანჯრებს მიადგნენ, ღამის დარაჯი კი, ლეპოლდინო, ქალაქის მთავარ მოედანთან ავი ღიმილით სახეზე, იდგა, იდგა და დაძახებას განძრახ აგვიანებდა. ეს ერთადერთი წუთი იყო, როცა ლეპოლდინო თავს კაცად გრძნობდა – ყველას ახსოვდა, ყველა უცდიდა, და ჩამოძენძილი ღამის დარაჯი, წელიწადში ერთხელ მნიშვნელობამინიჭებული, ამაყად გაჯგიმული, ყვრიმალებდაბერილი, თავის შეძახილს აგვიანებდა და ღონივრად აუდ-ჩაუდიოდა მკერდი; აუზთან იდგა ლეპოლდინო, გატრუნული და მომლოდინე, ლამაზ-ქალაქის წუთიერი განმგებელი და, საკუთარი ღირსებით თრობა ორიოდ რომ იგემა, დიდი სიამოვნებით დაიძახა: “25 დეკემბერია და ყველაფერი რიგზეა”

    • ლეპოლდინომ არ იცოდა მე რო უნდა დავბადებულიყავი, თორე მასე დარწმუნებით ვერ იტყოდა ყველაფერი რიგზეაო 😁 ეს რა მიქენი, ამხელა წიგნის გადაკითხვა მომანდომე მაშინ, როცა ჩანახატისთვისაც არ მცალია :\

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s