როცა კორტასარი გაიძულებს ცხოვრების გამაერთიანებელი ძაფი ეძებო

040116-national-hopscotch-2

ლიტერატურისა და ხელოვნების ისტორიის  ყოველკვირეული ესესთვის ვცდილობ თემა ავარჩიო.

ეპოქა მეოცე საუკუნეა, კერძოდ კი 60-70-80-იანები (ძირითადად).

ლიტერატურული ჟანრი: მაგიური რეალიზმი (იდეალური ოქსიმორონი, რომელიც სულაც არ ყოფილა ოქსიმორონი).

კორტასარის “კლასობანას” ერთ-ერთ რეცენზიას ვკითხულობ. ზაფხულში წაკითხულ და ალბათ ნებისმიერ სხვა დროსა და სხვა ადგილას წაკითხულ წიგნზე უფრო ეფექტური რომანის დეტალურად გახსენებას ვცდილობ.

500 გვერდზე მეტის განმავლობაში ვითამაშე კლასობანა კორტასართან ერთად და მაინც ვერ გავექეცი იმის შეგრძნებას, რომ წიგნი ისე კარგად ვერ წავიკითხე, როგორც ასეთი დონის შედევრი იმსახურებდა.

ბაკურიანში ქვისგან აშენებული სახლის უზარმაზარი ფანჯრის წინ, ვერანდაზე ვიჯექი და გაოგნებული გადავდიოდი ფურცლიდან ფურცელზე, ფანქარს ხელიდან ვერ ვაგდებდი, სულ რაღაცას ვნიშნავდი, რაღაცას ვაჯღაბნიდი, აზრების დალაგებას მათი ფურცელზევე გადატანით ვცდილობდი. მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე გაუბედურებული წიგნია, რაც კი ჩემს თაროებზე მოიძებნება, თუმცა მე ასეთი წიგნები მიყვარს. მიყვარს ფანქრით აჭრელებული, მოკეცილი ფურცლები, ხმარებისგან გასქელებული, გაფუებული გვერდები, ნაკეცებში დაზოლილი ყდებითა და გადაცრეცილი სათაურებით – ასეთ წიგნებს ეტყობათ, რომ პატრონს მათი კითხვა უყვარდა (ალბათ).

ჰოდა, ამ რეცენზიის კითხვისას წავაწყდი ფრაზას: წიგნის ერთ-ერთი უმთავრესი იდეა არის ის, თუ როგორ ეძებს ოლივეირა ძაფს, რომელიც მის ცხოვრებას აერთიანებს და ამავდროულად არ აქცევს მას კლიშედ. ძაფს, რომელიც ცოცხლად, ქაოტურად, განუსაზღვრელად, დაუგეგმავად წარმოაჩენს მას, ისევე როგორც მისივე დაკვირვებით მატეში მოცურავე ჩაის ფოთლები მოძრაობენო.

და დავიბენი… რას ნიშნავს ძაფი, რომელიც შენს ცხოვრებას აერთიანებს? იმდენად ჩამითრია ამ ძაფის პოვნის იდეამ, რომ მისი კლიშეობის საკითხზე ნერვიულობისთვის დროის დაკარგვა დამენანა. ოღონდ ვიპოვო და თუ გინდათ ყველაზე ბანალური რამ იყოს დედამიწის ზურგზე – მეთქი, გავიფიქრე (თუმცა ვერ უარვყოფ, რომ ცოტა არ იყოს და ტრაგიკულია იმის გაანალიზება, რომ ერთადერთი, რაც შენს ყოველ დღეს აერთიანებს “კლიშეურობაა”).

ჰოდა. რა შეიძლება იყოს ისეთი, ცხოვრების ყოველ საფეხურზე რომ თან გქონდათ? გონებრივი განვითარების ნებისმიერ დონეზე რომ თქვენი იყო? აზრები, ოცნებები, ღირებულებები, მიზნები და მისწრაფებები, საყვარელი ადამიანებიც კი უნდა გამოირიცხოს – აუცილებლად მოძებნით დროსა და ადგილს, რომელშიც თქვენ იყავით, ისინი კი არც ფიზიკურად და არც თქვენივე ცნობიერების სახით, თან არ გახლდნენ.

თუ გავითვალისწინებთ, რომ დროთა განმავლობაში (ბიოლოგიის გამოცდის ჩაბარებამდე ვიცოდი “განმავლობაში” ზუსტად რამდენი ხანი იყო, ახლა, როგორც უსარგებლო ინფორმაცია, დავივიწყე) ჩვენი სხეულის ყოველი უჯრედიც კი იცვლება\ახლდება, მივალთ ფაქტამდე, რომ ჩვენც კი, ფიზიკურად არ ვყოფილვართ ყველა იმ მომენტის მონაწილე, რომლის მონაწილეც ჩვენ ვიყავით – აი ოქსიმორონი, რომელიც წესით არ უნდა იყოს ოქსიმორონი, მაგრამ მაინც ოქსიმორონია (თურმე ოქსიმორონი რთულად დასაწერი სიტყვა ყოფილა, განსაკუთრებით როცა ასჯერ გაიმეორებ).

და თუ ჩემი აზრები, შეხედულებები, ღირებულებები, გარშემომყოფები, იდეები და ჩემი სხეულიც კი არ არის ის, რასაც შეუძლია ჩემივე ცხოვრებისეული მომენტები დამიკავშიროს ჯერ მე და შემდეგ ერთმანეთს(ან ჯერ ერთმანეთს და შემდეგ მე), მაშინ რაღაა “ის”?

და თუ ეს მომენტები ერთმანეთთან მხოლოდ იმითაა დაკავშირებული, რომ საზოგადოების წარმოდგენაში ისინი ერთ ადამიანს (ანუ მე, რომელიც ყოველთვის მე სულაც არ არის, თუმცა ეს მხოლოდ მე ვიცი) ეკუთვნის, მაშინ არის კი იგი საერთოდ მთლიანობა?

და თუ მთლიანობის დაჭერა შეუძლებელია, მაშინ გამოდის რომ ეპიზოდებად ვცხოვრობთ?

თუ ეპიზოდებად ვცხოვრობთ, რატომ ვართ ვალდებულნი წინა ცხოვრებაში (ეპიზოდში) ჩადენილი შეცდომებისთვის პასუხი ვაგოთ?

და აქ აინთო ნათურა.

ის, რაც აკავშირებს ყოველ მომენტს, რომელშიც თქვენ, ნებისმიერი ფორმით, მიგიღიათ მონაწილეობა, არის ამ მომენტებთან დაკავშირებული მომავალი შეგრძნებები. არა ის, რასაც იმ მომენტში გრძნობდით, ვინაიდან და რადგანაც ის ემოციები მხოლოდ და მხოლოდ იმ მომენტის საკუთრებაა, არამედ ის, რასაც ზრდასთან, დროის გასვლასთან, თქვენი და შესაბამისად პერსპექტივის ცვლასთან ერთად გრძნობთ წარსულთან დაკავშირებით. იქნება ეს სინანული, სირცხვილი, სიხარული იმისა, რომ გაბედეთ, სინანული იმისა, რომ ვერ გაბედეთ (ან პირიქით, იმისა რომ გაბედეთ), მონატრება დროისა, როცა შეგეძლოთ გაგებედათ, ბრაზი, ნოსტალგია თუ ნებისმიერი სხვა – სწორედ ეს შეგრძნებებია ის, რაც გვაკავშირებს დღევანდელ მესა და გუშინდელ გამოუძინებელ, ერთი წლის წინანდელ მონერვიულე, ხუთი წლის წინანდელ შეშინებულ და ათი წლის წინანდელ ტალახში პასკის მცხობელ მეს ერთმანეთთან.

თუმცა რა გვაკავშირებს დღევანდელ, დაბნეულ მესა და ცხრამეტი წლის წინანდელ, დროზე ორი თვით ადრე დაბადებულ, აჩხავლებულ მეს ერთმანეთთან, საკითხავი აი ესაა. იქნებ სწორედ დაბნეულობა და გაურკვევლობა? მაგრამ თუ ოდესმე სასწაული მოხდება და “გარკვეული” გავხდები, მერე? საბოლოოდ დავკარგავ კავშირს პირვანდელ მესთან, რომელიც გონებაში მეს ფენომენის გაჩენამდე არსებობდა?

პ.ს – “კლასობანა” ბევრ სნობიზმამდე მისულსა და უაზრობამდე რთულ დიალოგს შეიცავს, რომლის გახსენებაც მსგავს კატასტროფულად უმნიშვნელო, თუმცა გამაოგნებლად მნიშვნელოვან კითხვებს აჩენს. თუ წაიკითხავთ (ან უკვე წაგიკითხავთ) მიხვდებით ამ გურკვევლობის დაწერის მიზეზსა და მიზანს.

(ამ დროში დავალება დამეწერა ჯობდა ^_^)

To infinity and beyond!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s