თვალის-გახელის-თანავე

Screen Shot 2017-05-14 at 5.57.25 PM

ვიღვიძებ. პირველი, რაც თვალში მხვდება,  საკუთარი ხელის ჩაღრმავებული მონახაზია ზეწარზე. (ჯერ კიდევ შემორჩენილი სიცივისგან თავის დასაცავად) ოდნავ, თუმცა (უჰაერობის ასარიდებლად) მაინც, შეღებული ფანჯრიდან ჩიტების ჭიკჭიკის, ალაგ-ალაგ ამუშავებული მოტორებისა და მეზობლებს შორის გადალაპარაკების ერთმანეთში ადღვებილი ხმები შემოდის. ძილი ჯერ კიდევ მძიმედ აწვება სხეულს და ვერ ვარჩევ, უმისამართო დიალოგი ფანჯრისმიღმა სამყაროს საკუთრებაა, თუ ჩემსავე სახლში მიმდინარეობს.

დახურულ კარსა და იატაკს შორის დარჩენილი სიცარიელიდან ღამის ქურდივით იპარება მარად-ჩართული  საინფორმაციოს, ასევე, მარად-შეწუხებული წამყვანის დამზაფრავი ტონითა და გამაოგნებელი სისწრაფით წამოსროლილი სიტყვები. სიტყვები, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ საერთო აზრის ფორმირებას; გარემოში, რომელიც ჯერ კიდევ არ დაშლილა ცალკეულ ნაწილებად და ერთ დიდ ხმაურიან მდუმარებად არსებობს მხოლოდ.

ძილის ტყვეობიდან საბოლოო განთავისუფლებამდე “უფიქრობისა” და სრული სიმშვიდის რამდენიმე, შეუმჩნეველ წამს ისე ვეჭიდები, როგორც ყველაზე ძვირფას საგანძურს. თუმცა ვხვდები, რომ მათი გახანგრძლივების მცდელობა მათივე სიკვდილის საუკეთესო მანიშნებელია.

რეალობის შეგრძნება თითებიდან იწყება, ჰაეროვანი სისწრაფით მიუყვება ფალანგებს, ოდნავ ამობურცულ ვენებში ჟონავს და სისხლში მოხვედრილი, ელექტროშოკივით უვლის მთელ სხეულს. რეალობა, რომელიც რეალურად ყოველთვის სუბიექტურია და შეიძლება ითქვას, რომ არც არსებობს, არსებობას იწყებს, ისევ ცოცხლდება და გარემოს ანაკუწებს კარადად, საწოლად, მაგიდად და სკამად, ტელევიზორიდან გადმოღვრილ სიტყვებს კი აერთიანებს (ა)ლოგიკურ წინადადებებად.

თანდათან და ერთიანად აღქმადი ხდება მოდუნებული კიდურების გამოღვიძებას მოყოლილი პროტესტი.

სამყარო, რომელიც შესაძლოა სულაც არ არის სიზმრისეულზე უფრო ნამდვილი, საბოლოოდ იმარჯვებს.

გონებაში ფიქრები ისე იწყებენ მოძრაობას, როგორც ავტომობილები ახალგაღვიძებული ქალაქის ქუჩებში.

ვგრძნობ, რომ მწყურია.

ხელი ინსტინქტურად იწევს წინა ღამით კომოდზე დადგმული, წყლით სავსე ჭიქისკენ.

მორჩა.

გავიღვიძე.

თუმცა, მხოლოდ სუბიექტურად.

***

To infinity and beyond!

3 thoughts on “თვალის-გახელის-თანავე

  1. anushka says:

    გამარჯობაა…
    ვკითხო არ ვკითხო ,ვკითხო კიდევ ერთი იმედგაცრუება არ მინდა ამიტო .
    ჯანდაბას გკითხავ ://///…
    დაიჭირე წამის,მეჯვარეების და მეხსიერების მუდმოვობის ავტორი შენ ხომ არ ხარ ❤️?

  2. anushka says:

    ნეტა ეგ გოგო მაპოვნინა და…… გადავყვები მაგის ძებნას მგონი ❤️😰

Leave a reply to anushka Cancel reply