აი რა მიყვარს… (თანაისლანდიელს)

ისევ არ მაძინებ…

მაგრამ ასეთი უძილობა მიყვარს.

შენთან დაკავშირებული ყველაფერი მიყვარს.

მიყვარს ეს სიტყვებიც, თავში რომ ვერ ჩერდებიან, გარეთ გამოღწევას და შენამდე მოსვლას რომ ცდილობენ მუდმივად.

მაგრამ შენ რომ მოგწერო, მეშინია, გაგაღვიძებ, ამიტომ აქ ვწერ.

მიყვარს ის ფაქტი, რომ პოსტის სათაურს შენსავით ვერავინ გაიგებს.

მიყვარს ის სიმშვიდე, მარტო შენთან რომ ვგრძნობ. სიმშვიდე, რომელიც მუსიკად რომ გადაქცეულიყო, ყანჩელის “ის აქ არის” იქნებოდა.

მიყვარს შენი თითოეული მესიჯის კითხვისას ინტონაცია რომ მესმის.

მიყვარს ის ენთუზიაზმი, რომლითაც საყვარელ თემებზე ლაპარაკობ.

მიყვარს შენი ყურება მაშინ, როცა მთლიანად რაღაც საინტერესოთი ხარ მოცული და თითქოს ერთდროულად ცდილობ ეს სამყარო თავიდანაც მოიშორო და არც ძალიან შორს გაგექცეს, იმიტომ რომ მასში მარტო დასატოვებლად იმ რამდენიმე წუთითაც არ გემეტები.

მიყვარს ფიქრისას გაუაზრებლად რომ კუმავ ტუჩებს და მარცხნივ ჭმუხნი პირს.

მიყვარს სიტყვა ფაქტობრივს წინადადებაში სამჯერ რომ იყენებ.

მიყვარს რამდენად სერიოზული ხდები, როცა საქმე ლობიანს ეხება და რამდენად ცდილობ გაღიზიანების დამალვას, როცა ვცდილობ დაგიმტკიცო, რომ ნაყინი მაინც უკეთესია.

შენი ნერვების მოშლა მიყვარს (ჰო, რომ გაბრაზდე იმიტომ ვეძებ ყველგან ტალახს, თორე ზოგადად სიარულისას ტყლაპოებში ჩახტომას არ ვცდილობ ხოლმე).

მიყვარს ჩემი დაბდურობა პარანოიას რომ გიჩენს და სახლში მივალ თუ არა, კარი ჩაკეტეო, მაღვიძარასავით რომ მახსენებ.

მიყვარს ჩემი სულელური აზრები რომ გიყვარს.

მიყვარს ის სითბოთი გადავსებული მზერა, ყოველთვის გვერდით გახედვას და გაცინებას რომ მაიძულებს. ისიც ვიცი რომ იცი რომ მაგ მზერას ვერასდროს ვერ ვუძლებ, ვიცი რომ ეგ ფაქტი გიყვარს და ეგ სიყვარულიც მიყვარს (ამდენი “რომ” რომ გაგაღიზიანებს, მაგასაც ვხვდები, მაგრამ რა ვქნათ… აიხედე ორი პუნქტით ზემოთ ^^)

მიყვარს ფაქტობრივად ყველა კადრი რომ გაქვს ნანახი, რომელიც მსოფლიო კინოინდუსტრიაში შერხეულა მაინც და ისიც მიყვარს, უწყინარი სპოილერების გარეშე რომ ვერ ახერხებ ვერასდროს უკანასკნელ აღმოჩენაზე რუტრუტს.

მიყვარს ორივე ერთად რომ არ ვწუწუნებთ მონატრებაზე არასდროს, მიყვარს ერთ-ერთი მაინც ყოველთვის რომ გამმხნევებლის როლს ირგებს.

მიყვარს ლაპარაკში ღამის გათენებაც რომ შეგვიძლია და დაუსრულებლად ჩუმად ჯდომაც.

ჰო, შენთან სიჩუმეც კი მიყვარს. მიყვარს იმიტომ, რომ ტრადიციული უხერხულობისგან ბოლომდეა დაცლილი.

მიყვარს შენ გვერდით ძალაუნებურად სულელური და ბავშვური რომ ვხდები.

მიყვარს ერთნაირი ინტერესით რომ მისმენ, მიუხედავად იმისა, იმ მომენტში ჩემი ტვინის წამღები და დაუსრულებელი ხელების ქნევით გაფორმებული ლაქლაქი კანტის მორალურ ფილოსოფიას ეხება, თუ დისნეის სამყაროში მულანის დაუფასებლობის დონის აღმაშფოთებელ სიმაღლეს.

მიყვარს ის მეგობრობა, მაშინ რომ გვაკავშირებდა, როცა ჩვენ ჯერ კიდევ მე და შენ ვიყავით.

მიყვარს მზესუმზირები შენს თვალებში.

შენზე ფიქრისას შეუკავებელი ღიმილიც მიყვარს.

მიყვარს რომ არასდროს არ ცდილობ იყო სხვა.

მიყვარს ამ პოსტის წერა უსასრულოდ რომ შემიძლია, მიუხედავად თვალებზე პირბადესავით ჩამოშლილი ძილის სურვილისა.

მიყვარს კარგი წიგნივით სულ რაღაც ახალს რომ ვპოულობ შენში.

შენი ხელის უკან ჩამალული სიარული მიყვარს.

შენი გაყინული თითების გათბობა მიყვარს.

ისიც კი მიყვარს, შენი სათვალე დღეში ასჯერ მაინც რომ ცდილობს ჩემ გამელოტებას.

მიყვარს სახის შენს კაშნსა და კისერს შორის ჩარგვა.

მიყვარს ჩემი OCD-ური ჩვევები რომ გესმის (ან ცდილობ მაინც, გაიგო).

შენი სარკასტული, შავი იუმორი მიყვარს.

მიყვარს სეირნობისას (ჩვენებურად, 100 მეტრზე სირბილის სისწრაფით სეირნობისას) ათ ნაბიჯზე მეტს რომ ვერ ვდგავთ ჩასახუტებელი წუთშესვენების აღების გარეშე.

მიყვარს წინასწარ რომ ვიცი, ამა თუ იმ საგანზე რა რეაქცია გექნება და მაინც უზომოდ რომ მაინტერესებს რას იტყვი/გააკეთებ/არ გააკეთებ.

შენთან ერთად ჩვენს საკუთარ “აღთქმულ მიწაზე” ოცნება მიყვარს (და ცნობისთვის, კი, ყველა ბიბლიური პარალელი შენ გასაღიზიანებლად წერია მხოლოდ :დ).

მიყვარს ხანდახან ძალიან მიამიტი რომ ხარ.

მიყვარს შენგან მიღებული სიყვარული საკუთარი თავის სიძულვილში რომ მიშლის ხელს.

შენი ყველა ფერი მიყვარს – კარგიც, ცუდიცა და ბოროტიც.

ჩვენი სიყვარული მიყვარს.

და კიდევ,მზისფერო,

სულ ყველაზე მეტად, შენ მიყვარხარ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s