“Mad Men”, ანუ როგორ შექმნა პრაგმატიზმმა XX საუკუნის ამერიკაში სარფიანი “ჭეშმარიტება”

Screen Shot 2020-08-24 at 2.22.55 PM

“ის, რასაც თქვენ სიყვარულს ეძახით, ჩემნაირმა მარკეტოლოგებმა გამოიგონეს ნაილონის გასაყიდად”, – სწორედ ამ ფრაზით იბადება მაყურებლის წინაშე თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული სერიალის, “შეშლილების” მთავარი გმირი – დონ დრეიპერი. სიუჟეტი გასული საუკუნის 50-60-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და სარეკლამო ინდუსტრიის აღზევების ეპოქის შესახებ მოგვითხრობს (აქედან გამომდინარეობს სერიალის სახელიც: მაღალი კონკურენციის გამო, ამ პერიოდის მარკეტოლოგებს “ad men”-ის ნაცვლად “mad men”-ს უწოდებდნენ). გარდა ისტორიული სიზუსტისა, შოუ ახერხებს მეორე მსოფლიო ომს გადარჩენილი თაობის წარმომადგენელთა რეალისტური სახეების შექმნასაც, ატყვევებს რა მათ არა მხოლოდ 60-იანი წლების ტანისამოსსა და დეკორაციაში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, გასული საუკუნის ამერიკის იდეოლოგიურ სამყაროში – სამყაროში, რომელშიც გარდასულ თუ მიმდინარე ომებს შორის აღმოჩენილი ადამიანები იმედს, ცვლილებებსა და იდეალებს ეძებდნენ, პრაგმატიზმი კი ნაილონს ყიდდა. 

ესეიში “რას ნიშნავს პრაგმატიზმი”, იდეოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი, უილიამ ჯეიმსი წერს: “იმისთვის, რომ ობიექტის შესახებ საკუთარი წარმოდგენები ცხადად გავიაზროთ, საკმარისია დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა პრაქტიკული გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას ჩვენს ცხოვრებაზე… როგორი დამოკიდებულებაც გვაქვს ამ გავლენის მიმართ, ისეთივეა ჩვენი წარმოდგენაც თვით ობიექტზე”. მეოცე საუკუნის ამერიკაში არა მარტო განათლების სისტემა, არამედ რელიგია, მეცნიერება და არქიტექტურაც კი პრაგმატიზმით იყო შეპყრობილი. თუმცა ერთია, როდესაც ყოველდღიურ ცხოვრებასა და პრაქტიკულ კეთილდღეობაზე მორგებული ეს იდეოლოგია ჰარვარდის სასწავლო სისტემას ქმნის, ან 1903 წელს თვითმფრინავის პირველი პროტოტიპის გამოგონებამდე მივყავართ და სრულიად სხვაა, როცა იგი იმ თაობას ეხება, რომელმაც არა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომი და ვიეტნამი გამოიარა, არამედ პირდაპირ ეთერში უყურა როგორც საკუთარი პრეზიდენტის მკვლელობის, ისე ადამიანის მთვარეზე გაფრენის სცენებს. 

მეოცე საუკუნე მთლიანად ორ უკიდურესობას შორის ბრძოლით განსაზღვრული ასწლეულია. ამერიკის შემთხვევაში ეს ორი უკიდურესობა არა მხოლოდ ომში, არამედ ყოველდღიურ ყოფაშიც მკვეთრად გამოსჭვიოდა. ჩარლზ პირსისეული შეხედულებები იდეალიზმის დათმობის შესახებ, ერთი შეხედვით, ამერიკის ცოცხალ, რეალურ, აწმყოსმიერ, კაპიტალისტურ წარმოდგენას ზუსტად ერგება, თუმცა, ამავდროულად, იდეალებზე აშენებული ქვეყნისა და არსებული გეოპოლიტიკური სიტუაციით დათრგუნული საზოგადოების საჭიროებებს რთულად თუ აკმაყოფილებს. როგორ შეიძლება საკუთარი თავის გარდაქმნის, სიახლისა და ასრულებული ოცნებების სამშობლოდ ქცეული სამყარო სრულად დაიცალოს იდეალიზმისგან? როგორი სახით მოუწევს რიგით ამერიკელს საკუთარი ქვეყნის დანახვა ამ შემთხვევაში?

დონ დრეიპერის პერსონაჟი ეპოქის მთელ დუალიზმს საკუთარ თავში ატარებს – იგი ყოფილი ჯარისკაცია, რომელიც ბორდელში დაიბადა და გაიზარდა დიკ უიტმანის სახელით, შემდეგ კი, ბრძოლის ველზე დაღუპული მეგობრის იდენტობა მიითვისა და ომიდან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ახალ ადამიანად დაბრუნდა, ახალ სამყაროში. წარმატებულ მარკეტოლოგად ქცევის შემდეგ დონი ისეთი ცხოვრების მოწყობას ახერხებს, ნორმან როკველის ამერიკული იდილიის ამსახველ ნახატებს რომ მოაგონებს მნახველს. კეთილმოწყობილი სახლი, უმშვენიერესი ცოლი, ორი შვილი, საღამოს შინ დაბრუნებული ქმრისთვის მაგიდაზე დახვედრებული ცხელი ვახშამი – უნაკლო ფასადი, რომლის სრულყოფილებაც იმდენად დაუჯერებელია, რომ მაყურებელს სწრაფი და უარყოფითი ცვლილების მოლოდინს უჩენს. დონ დრეიპერი შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი წარმატებული კაცია, რომელსაც შეუძლია თითქმის ჩავარდნილი პრეზენტაცია სპონტანურად, უკანასკნელ მომენტში შემოაბრუნოს თავის სასარგებლოდ, იგი ის გმირია, გადამწყვეტ წამს რომ მოსდის გენიალური იდეა და არასდროს არ მარცხდება. და განა შეიძლება ასეთ გმირს მოვთხოვოთ, დიკ უიტმანის არსებობა მიიღოს? 

წარმატებული მარკეტოლოგი, რომელიც პროდუქტის უკეთ გასაყიდად გენიალურად მანიპულირებს ადამიანების ემოციებით და ამავდროულად, ყოველდღიურად უარყოფს იმ წარსულის არსებობას, რომელშიც ომის სახედ იყო ქცეული – დონ დრეიპერი მეოცე საუკუნის ამერიკის განსხეულებაა. პრაგმატიზმის წარმოდგენა იმის შესახებ, რომ სიმართლე მხოლოდ ისაა, რაც პრაქტიკულ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე, მას იმდენად აქვს გასიგრძეგანებული, რომ ხშირად თვითონაც ავიწყდება, ოდესმე სხვა ფორმითაც თუ არსებობდა სამყაროში. ეს დავიწყება გამოსჭვივის იმ რჩევაშიც, რომელსაც თავის ახალგაზრდა პროტეჟეს აძლევს ახალდაბადებული შვილის მიტოვების შესახებ: “წადი, ცხოვრება გააგრძელე. ეს ყველაფერი არ მომხდარა. თვითონაც კი გაოგნდები, იმდენად არ მომხდარა”,- დონის ცხოვრება ცოცხალი მაგალითია იმისა, თუ რას მივიღებთ, თუ მართლა ვირწმუნებთ პრაგმატისტების იდეას, რომლის მიხედვითაც იმის დაჯერებაა კარგი, რაც ადამიანისთვის უფრო სასარგებლოა. როგორც არ უნდა ვეცადოთ ამ წარმოდგენის მიღებასა და რეალობის, როგორც დამოუკიდებელი მოცემულობის არსებობის უარყოფას, ის, რისი დაჯერებაც არ გვსურს, იმიტომ, რომ არ “გვაწყობს”, ადრე თუ გვიან მაინც გაგვახსენებს თავს. არსებობს რეალობა, რომელიც ზუსტად ისეთივე უტყუარია, როგორიც დონ დრეიპერის წინა ცხოვრების ამსახველი ფოტოების ყუთი მისი მაგიდის ჩაკეტილ უჯრაში. რამდენი ხანიც არ უნდა ვთქვათ უარი უჯრის გაღებაზე, მისი შიგთავსის არსებობის ფაქტი არ შეიცვლება. როგორი მომგებიანიც არ უნდა იყოს ამერიკისთვის საკუთარი გამარჯვებული, წარმატებული, ცივილური და პროგრესული ფასადი, მისი მეორე ნახევრის არსებობის უარყოფა მხოლოდ გაზრდის იმ მასშტაბს, რომლითაც იგი საბოლოოდ ამოხეთქავს. შემთხვევითი როდია ის ფაქტი, რომ ეპიზოდები, რომლებშიც დონის პირად ცხოვრებაში მისივე წარსულის მოულოდნელ დაბრუნებას შემოაქვს ქაოსი და არეულობა, ყოველთვის ემთხვევა ამერიკის ისტორიის ისეთ მოვლენებს, როგორიც კენედის მკვლელობა, კუბას კრიზისი თუ ქვეყნის მასშტაბით აფეთქებული საპროტესტო გამოსვლებია – პრაგმატული გონების მიერ უარყოფილი რეალობა შურის საძიებლად ბრუნდება როგორც ცალკეული ადამიანის, ისე მთლიანი საზოგადოების ყოველდღიურობაში. 

უილარდ ვან ორმან ქუაინი ნაშრომში “ემპირიციზმის ორი დოგმა” სიმართლის იდეის კიდევ ერთ განმარტებას გვთავაზობს და ამბობს, რომ იგი, როგორც კონცეფცია, უნდა შეიქმნას არა რეალურ გარემოსთან თანხვედრის მიხედვით, არამედ სხვა, უკვე მიღებულ და გავრცელებულ სიმართლეებთან კავშირიდან გამომდინარე – მარტივად რომ ვთქვათ, ამა თუ იმ შეხედულების ჭეშმარიტება უნდა დადგინდეს იმის მიხედვით, ემთხვევა თუ არა იგი სხვა, უკვე მიღებულ ჭეშმარიტებებს. ფაქტობრივი მოცემულობის ასეთი არევა უბრალოდ სარფიანი ჰიპოთეზის დაჯერებაში, გარდა იმისა, რომ არ ითვალისწინებს იმ კოლოსალური ზომის ტრაგედიებს, რაც ადამიანების საერთო, ამორალურ რწმენას წარსულში არაერთხელ გამოუწვევია, სწავლის, განვითარებისა და გაზრდის მოტივაციასაც ფაქტობრივად სრულად აქრობს. 

პრაგმატიზმის მიერ ჭეშმარიტების ამ გადააზრების პოტენციურ მსხვერპლად შეგვიძლია აღვიქვათ “შეშლილების” კიდევ ორი პერსონაჟი და მათზე დაკვირვებით დავადგინოთ, რამდენად ეფექტურად გადმოდის ეს ზოგადი იდეა ყოველდღიურ ცხოვრებაში. გასული საუკუნის 60-იან წლებში ამერიკაში ფემინიზმის მეორე ტალღა მძვინვარებდა. თანაბარი ანაზღაურების აქტის მიღების შემდეგ ქალის, როგორც წარმატებული ადამიანისა და კარიერისტის სახე თანდათან უფრო მიღებული გახდა, თუმცა სტერეოტიპებისგან კიდევ დიდხანს ვერ გათავისუფლდა. “შეშლილები” პეგი ოლსენისა და მეგან დრეიპერის პერსონაჟებით ახალი თაობის ქალის ორ სახეს გვთავაზობს. ორივე მათგანი თავდაპირველად მუშაობას მდივნის პოზიციაზე იწყებს – ეს საქმე თეთრ საყელოთა სამყაროში ქალისთვის განკუთვნილი მწირი რაოდენობის პოზიციებიდან ერთ-ერთი იყო და მდედრობითი სქესისგან განუყოფლად არსებობდა. ამასთან, არ შეიძლება დავივიწყოთ თანმდევი წარმოდგენებიც – ქალი მდივნად მუშაობდა მანამ, სანამ ოფისში რომელიმე სასურველ სასიძოს არ გამოიჭერდა, რის შემდეგაც იგი დიასახლისად უნდა ქცეულიყო. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეოცე საუკუნის 70-იან წლებამდე მაინც, ამერიკაში ფართოდ გავრცელებული რწმენით, ქალის მუშაობის უპირველესი მოტივაცია ქმრის პოვნა და დიასახლისად ქცევა უნდა ყოფილიყო. პეგი ოლსენი ამ რწმენის სრულ რღვევას წარმოადგენს. ასიმილაციისა და კონფორმიზმის საწვავზე მომუშავე სისტემაში იგი ჭეშმარიტად თანამედროვე, მიზანდასახულ ინდივიდად ყალიბდება, რომელსაც გეგმაში არა სოციალურ, არამედ კარიერულ კიბეზე ასვლა აქვს გაწერილი. თუ ჭეშმარიტება მართლაც მხოლოდ ის არის, რაც უკონფლიქტოდ ესადაგება უკვე არსებულ რწმენას, მაშინ კორპორატიულ ამერიკაში პეგის მსგავსი მოხელეების გაჩენა ყოვლად წარმოუდგენელი და შეუძლებელიც კი უნდა ყოფილიყო. თუმცა შოუცა და რეალობაც განსხვავებულ სურათს გვთავაზობს. ცვლილება განსაკუთრებით ცხადად ჩანს პეგისა და მეგან დრეიპერის პერსონაჟის შედარებისას. 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეგანიც თანამედროვე ქალის სახეა სამყაროში, რომელშიც ქალები უმეტესწილად ოფისის უკანა ფონზე მოფუსფუსე არსებებს წარმოადგენენ. მისი გამოჩენის მომენტიდან მაყურებელი ზუსტად აღიქვამს იმ დაუოკებელ პოტენციალს, რომელიც მეგანის პერსონაჟში დუღს. იგი არა მხოლოდ უნაკლოდ ლამაზი, კეთილი და სიცოცხლით სავსეა, არამედ სხარტი გონებითაც გამოირჩევა და ძალიან მალე თვით დონ დრეიპერს ეხმარება მარკეტინგული კამპანიების შექმნაში. მისი პერსონაჟის განვითარების მოწმედ ქცეულ მაყურებელს პეგისთან დათანხმების გარდა სხვა გზა არ რჩება – ის მართლაც იმ გოგონებთაგან ერთ-ერთს ჰგავს, ყველაფერი თავისთავად რომ გამოსდით. შესაბამისად, ჩვენი მოლოდინიც დიდია. გვინდა ვნახოთ, როგორ მიაღწევს ეს 21-ე საუკუნის იდეოლოგიის მატარებელი ქალი წარმატებას 60-იანი წლების ამერიკაში… გვინდა ვნახოთ, თუმცა ამაოდ. მეგანი თავისი ცხოვრების შემდგომ ნაბიჯებს სწორედ იმ რწმენის მიხედვით დგამს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. იგი იმ ჭეშმარიტებას იღებს, რომელიც უკვე მიღებულ ჭეშმარიტებებს არ ეწინააღმდეგება და ასრულებს მის შესახებ გამოთქმულ წინასწარმეტყველებას, რომლის გაგონებისასაც თავდაპირველად გაგვეცინა – იგი დონ დრეიპერის მდივნის პოზიციიდან ძალიან მალე გადადის მისი ახალგაზრდა მეორე ცოლის პოზიციაზე და არც გაცრუებული იმედებისგან გაბოროტებულ ყოფილ ცოლად ქცევას ახანებს. ორი იმედისმომცემი პერსონაჟიდან ერთი პრაგმატული ამერიკის წესრიგში ჯდება, მეორე კი ცდილობს დაარღვიოს იგი – ბედნიერებას მხოლოდ ის აღწევს, ვინც კონფორმიზმისთვის თავს არ იცვლის.

“შეშლილებში” ცალკეული პერსონაჟებიცა და მთლიანი საზოგადოებაც მუდმივად ცდილობს პრაგმატიზმის შექმნილ სამყაროსა და სასიცოცხლოდ აუცილებელ იდეალებს შორის ოქროს შუალედის პოვნას. ისინი უარყოფენ რეალობას, პროგრესს, ცვლილებებს და მთელი ძალით ეჭიდებიან წარსულ ჭეშმარიტებებს. თუმცა, საბოლოოდ, ბედნიერებას მათი მხოლოდ ის ნაწილი პოულობს, რომელმაც სტატუს კვოს მიღებაზე, ასიმილირებაზე, სანდომიან ტყუილში ცხოვრებაზე უარი თქვა და საკუთარი ჭეშმარიტება მხოლოდ იმიტომ არ უარყო, არსებულ მოლოდინს რომ არ შეესაბამებოდა. დონ დრეიპერი წარმატებული მარკეტოლოგი ზუსტად იმიტომაა, რომ იდეალურად ესმის, მის გარშემო არსებულ ადამიანებს შინაგანი გახლეჩილობა, ნოსტალგია, ბედნიერების შესაძლებლობის ხელში ჩაგდების სურვილი და იმედის საჭიროება რამდენად აწამებთ. როგორც შოუს შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა თქვა, ეს არის ისტორია “გათეთრების სურვილის შესახებ” – ისტორია სამყაროზე, რომელიც მხოლოდ პრივილეგირებულთათვისაა ხელმისაწვდომი. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, პრაგმატიზმიც, ერთგვარად პრივილეგირებული იდეოლოგიაა. მისი წარმოდგენები იდეალიზმისგან დაცლის, ობიექტური რეალობის არარსებობის, სიმართლის სარგებლიანობის მიხედვით განსაზღვრისა და ჭეშმარიტების სტატუს-კვოსთან თანხვედრის შესახებ მისაღები და სასურველია მათთვის, ვინც ისედაც იღბლიანია, ვინც ჭეშმარიტების მიღებულ მხარეს ცხოვრობს და ვისი ობიექტური რეალობაც იმდენად ლმობირია, რომ მისი არსებობის უარყოფაც კია შესაძლებელი. მათთვის, ვისაც არ შეუძლია საკუთარი არასახარბიელო წარსულის უარყოფა, ვისაც იდეალებისა და პრაქტიკულობას მოკლებული ოცნებების გარდა არაფერი აბადია და ვინც ზუსტად იცის, რომ მისი ჩაგრული არსებობის სიმართლე არ იცვლება მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობას ასე აწყობს, პრაგმატული სამყარო გულცივი სიკვდილის გარანტიაა და მეტი არაფერი. 

სამყაროში, რომელშიც სიმართლე ჩვენი სურვილების მიხედვით იცვლება, სიმყარის შენარჩუნების ერთადერთ გზად ძალაუნებურად იქცევა სტატუს-კვოს უცვლელობა. შესაბამისად, თუ დავუშვებთ, რომ ჭეშმარიტება ისაა, რისი დაჯერებაც გვაწყობს, იძულებული ვიქნებით წინ აღვუდგეთ პროგრესს, რამეთუ არსებულის დაკარგვა ავტომატურად გაუტოლდება თავისუფალი ვარდნის მდგომარეობაში გადასვლას. ზუსტად ასე ვეცნობით დონ დრეიპერს სერიალის ანიმაციურ შესავალში – იგი შავი სილუეტია კაცისა, რომელიც დაუსრულებლად  ვარდება ცათამბჯენიდან. სწორედ ამ ვარდნას ვადევნებთ თვალს შვიდი სეზონის განმავლობაში – ვარდნას, რომელიც საბოლოოდ წყდება მაშინ, როდესაც დონი შეწყვეტს წარსულის უარყოფას, მიიღებს საკუთარ თავს სრულად ორივე სახით და არა თავისი შექმნილი, არამედ სამყაროსეული, ურყევი ჭეშმარიტების არსებობის დაჯერებას გაბედავს. 

 

To infinity and beyond!

Leave a comment