გრეტა გერვიგის “პატარა ქალები” – რა ფერისაა ჩვენი მოგონებები?

“ნოსტალგიას ჩვევად აქვს წარსულთან არსებული ერთობის ხელახალი გამეორება, რითაც ცდილობს უცხო გარემოს არ მისცეს ინდივიდის თვითაღქმაში შეჭრისა და მისი გარდაქმნის საშუალება”.

ყოველთვის, როცა ვგრძნობ, რომ გავიზარდე და ამ შეგრძნებას მოყოლილი პასუხისმგებლობით გათამამებული შფოთი მესხმის თავს, გონებაში ბავშვობის ერთი, ძალიან ცხადი მოგონება ირთვება ძველი ვიდეოფირივით: ჯერ მხოლოდ სიშავეს ვხედავ ირგვლივ, ვგრძნობ ძველი, აჭრიალებული საქანელის რკინის სუნს და რუტინულ რწევაში დედაჩემის სიტყვები ჩამესმის – “ჯერ არა, ცოტაც დაიცადე, არ გამოიხედო”, – მეუბნება ხმით, რომელშიც ცხადი და შეუბორკავი ღიმილი ისმის –  “ცოტაც… არ გამოიჭყიტო..თავი უკან გადაწიე… 3,2,1… გაახილე!”, – თვალებს ვახელ და მხოლოდ იმას ვხედავ, თუ როგორ ვუახლოვდები უძიროდ ლურჯ ცას და როგორ იღვრება იგი ჩემკენ. ვხედავ და 22 წლისასაც ისევე მჯერა რომ დავფრინავ, როგორც 5 წლისას მჯეროდა. ეს ჩემი და დედას ტრადიციული რიტუალი იყო. ყოველთვის, როცა სასეირნოდ მივყავდი, ერთ პატარა სკვერში მივიწყებულ საქანელაზე მსვამდა და თვალებ დახუჭულს მანამ მაქანავებდა, სანამ ინერციით მაქსიმალურ სიმაღლეს არ მივაღწევდი და ზუსტად იმ მომენტში მახელინებდა თვალებს, როცა ის-ის იყო, ცას უნდა მივწვდომოდი. სიბნელესა და გაურკვეველ მოძრაობაში შემოჭრილი ნათელი ცისა და მისკენ მიახლოვების შეგრძნების ჯამური სენსორული ეფექტი იმდენად ძლიერი იყო, რომ მერამდენე ცდაც არ უნდა ყოფილიყო, პირველი რამდენიმე წამით მაინც უეჭველად მჯეროდა რომ ფრენა შემეძლო. 

რეალურად 2000-იანი წლების დასაწყისში რუსთავის ყველა პარკი მივიწყებული იყო და ძალიან იღბლიანი უნდა ყოფილიყავი იმისთვის, რომ შემთხვევით ქალაქის სამი მეტ-ნაკლებად ფუნქციური საქანელადან რომელიმე თავისუფალი დაგხვედროდა. მათ გარშემო, როგორც წესი, დაჟანგული სასრიალოებისა და დამტვრეული სკამების კასკადი საკმაოდ დეპრესიულ სურათს ქმნიდა და გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს თავში დაბუდებულ ამ მოგონებაში ორივეს საკმაოდ თბილად გვაცვია, ცაც ალბათ მოღუშული ნაცრისფერი უფრო იქნებოდა იმ კონკრეტულ დღეს, ვიდრე უძიროდ ლურჯი… თუმცა, ჩემს მონატრებას მსგავსი უმნიშვნელო დეტალები არ ადარდებს. იგი უნაკლოობის ილუზიაში აქცევს ყველაფერს ზუსტად ისე, როგორც წარსულში დატოვებული საყვარელი ადამიანის გაქრობით გაჩენილი სიცარიელის წამოტკივება გვავიწყებს ურთიერთობის ყველა უარყოფით ასპექტს და წამით რომანტიკული კომედიის უნაკლო სურათს გვიხატავს ფილტრდადებული მოგონებებისგან. მეხსიერებას ასე სჩვევია. მონატრების ტყვეობაში ჩავარდნის მომენტიდან იგი გაუწონასწორებელ ნარატორად იქცევა, რომელიც რაც უფრო მეტი დრო გვაშორებს პირველწყაროს, მით მეტად ანაცვლებს ცივ ფერებს თბილით და გვიყვება არა იმ ამბავს, რომელიც მოხდა, არამედ იმას, რომელიც ჩვენ გვინდა რომ მომხდარიყო. 

ნოსტალგია და მისით გადასხვაფერებული მოგონებები იმდენად ჩვეულებრივი, გაუაზრებელი და შეუმჩნეველი თავდაცვის მექანიზმია, რომ მას ხშირად თავდაცვად ვერც კი აღვიქვამთ ხოლმე. თუმცა, როცა საქმე არაზუსტ მეხსიერებას ეხება, იგი ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორია იმ ცვლილებებისა, რომლებსაც წარსულის გახსენებისას ძალაუნებურად ვქმნით. ჰიუგო მიუნსტერბერგის აზრით, მსგავსი ცვლილებები და შეცდომები ჩვენი მეხსიერების ფრაგმენტულობის გამო წარმოქმნილი სიცარიელეების შესავსებად იქმნება და ისინი ჩვენი მოლოდინების, წარმოდგენებისა თუ წინმსწრები ცოდნის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს.  

ლუიზა მეი ალკოტის რომანის “პატარა ქალები” 2019 წელს გამოსულ ეკრანიზაციაში, რომლის ადაპტირებული სცენარის ავტორიცა და რეჟისორიც გრეტა გერვიგია, განსაკუთრებით კარგად ჩანს განსხვავება რეალობასა და მოგონებებს შორის. გერვიგი, წიგნის სხვა ადაპტაციებისგან განსხვავებით, ნარატივს არათანმიმდევრულად გვიჩვენებს. იგი აწმყოდ ქცეული მომავლით იწყებს და პერსონაჟებს არა მოზარდებად, არამედ ზრდასრულ ქალებად გვაცნობს. ცისფერ-ნაცრისფერში გადაწყვეტილი აწმყო, რომლითაც ფილმი წარგვიდგენს თავს, ხშირად ირღვევა სიტუაციასთან შესაბამისად წამოჭრილი წარსული მოგონებებით. სწორედ ამ ფორმით გვიხატავს რეჟისორი მთავარი გმირების ცხოვრების ყველაზე ბედნიერ წლებს – ისინი არა უტყუარი რეალობა, არამედ გასაჭირში მხსნელად მოვლენილი მოგონებებია იმ დროისა, როდესაც პროტაგონისტები ბავშვური უდარდელობით იყვნენ დაცულნი გარემოს საშინელებისგან და მიმდინარე სამოქალაქო ომიც კი ვერ აღწევდა მათი წარმოსახვითი სამყაროს გრანდიოზული გალავნის მიღმა. 

სწორედ ეს მოგონებები წარმოადგენს ფილმის მთავარ ემოციურ საგანძურს. საკმარისია ორი სხვადასხვა დროის ამსახველი კადრების ფერთა გამას დავაკვირდეთ და ცხადი ხდება, რომ აწმყოს სიცივესთან მკვეთრად კონტრასტული თბილი, ოქროსფერ ღრუბელში ჩაღვრილი წარსული დოკუმენტურად სულაც არ მოგვითხრობს რეალურ ფაქტებს. სანთლის შუქითა და ბუხრიდან გამოტყორცნილი სხივებით განათებული მოგონებები ვიზუალითვე ტოვებენ ზღაპრის, გამონაგონის, ჰიპერბოლიზებული ბედნიერების შთაბეჭდილებას. ჯო მარჩის მეხსიერების ნაკლოვანებები რომ არა, ჩვენ მოგვიწევდა ყოველი მთავარი ამბის დამძიმება ომის საშინელებით, გაუსაძლისი გაჭირვებითა და მუდმივი დარდით, თუმცა, ვინაიდან და რადგანაც ეს ყოველივე მის ცხოვრებაში ახლაც უხვადაა, ხსნის ძიებაში წარსულის კარს მიმდგარი მეამბოხე მის მარჩი მეხსიერების სელექციურობის ბედნიერებას იყენებს. 

ლეონარდ მლოდინოვი ნაშრომში “როგორ განაგებს არაცნობიერი გონება შენს ქცევას” გვიამბობს სოლომონ შერეშევსკის ამბავს. მას ჰქონდა ის უნარი, რომელზეც გამოცდის წინა ღამეს ყველა სტუდენტს უოცნებია – თითქმის იდეალური მეხსიერება, რომელიც უარს ამბობდა დავიწყებაზე. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, როცა ყველა დეტალი გახსოვს, თითოეული მათგანის ცვლილება ერთნაირად მნიშვნელოვანი ხდება. მსგავსი მეხიერების მქონე ადამიანებისთვის სავსებით ჩვეულებრივია ის ფაქტი, რომ სუპერმენი სათვალის გაკეთების შემდეგ უბრალოდ კლარკ კენტად იქცევა და მისი ვინაობა ამოუცნობი ხდება ყველა იმ პირისთვის, ვინც მასაც იცნობს და სუპერგმირის სახეც ზედმიწევნით ზუსტად ახსოვს. როგორც მლოდინოვი გვიამბობს, შერეშევსკისთვის გამომეტყველების შეცვლაც, ახალი თმის ფერიცა და პლასტიკური ოპერაციაც ერთნაირი ცვლილების ტოლფასი იყო, რამეთუ ყველა მათგანი ახალ სახეს ქმნიდა და ამოცნობას წარმოუდგენად ართულებდა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, დავიწყების უნარი და მეხსიერების სელექციურობა რომ არა, დამახსოვრებულის კონტექსტში ჩასმა, გააზრება, მნიშვნელობის მიხედვით დალაგება და შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელი იქნებოდა. ასევე შეუძლებელი იქნებოდა იმ ბედნიერების განცდა, რომელსაც ბავშვობის შელამაზებული მოგონებები გვანიჭებს. შესაბამისად, ჯო მარჩიც, იხსენებს რა დარდიან ეპოქაში გამოვლილ უდარდელ ცხოვრებას, იხსენებს არა რეალისტურ, ზამთრის ფერებში გადაწყვეტილ დღეებს, არამედ მზით გამთბარ თოვლს, წითელი შარფების გაელვებებსა და ფერად ბაფთებს, რომლებსაც წლების განმავლობაში დაუსრულებელი გამოყენების მიუხედავად გახუნებისა არაფერი ეტყობათ. 

მლოდინოვს თუ დავუჯერებთ, მეხსიერების შესაცვლელად სულაც არ არის იმდენი შრომა საჭირო, რამდენიც ერთი შეხედვით შეიძლება გვეგონოს. რეალურად ყალბი მოგონებები ჩვენს მეხსიერებაში ძალიან მარტივად ყალიბდება და ამისთვის დამონტაჟებული ფოტოსურათიც კი კმარა. ფაქტობრივი მტკიცებულების წინაშე აღმოჩენილი ჩვენი გონება კონტრადიქციის გაჩენის ნაცვლად ცდილობს შექმნას მოგონება, რომელსაც რეალურად არასდროს უარსებია. გონების ეს თავდაცვითი ქცევა საკმაოდ კარგად ერგება კარლ გუსტავ იუნგის ე.წ. ცნობიერების საყრდენი კედლის თეორიასაც. როგორც თავად ამბობს, იუნგს საკუთარ პაციენტებთან მუშაობისას ერთი უცვლელი წესი ჰქონდა – არასდროს ეუბნებოდა მათ პირდაპირ, რომ რაღაც მხოლოდ მათ “თავში” არსებობდა და რეალობას არ შეესაბამებოდა. ამას ფსიქოლოგი მარტივად ხსნიდა – არ შეიძლება ადამიანის ცნობიერს მთავარი საყრდენი კედელი გამოაცალო, საკუთარი თავის ნდობა სრულად დაუკარგო და შემდეგ იმედი გქონდეს, რომ მის თავიდან აშენებასა და დახმარებას შეძლებ. რეალობასთან კონტრადიქციისას ხელოვნური მოგონებების შექმნაცა და არსებულთა რედაქტირება\შევსებაც თითქოს ერთგვარი მცდელობაა იუნგისეული დამცველი კედლის შენარჩუნებისა. “პატარა ქალების” ეკრანიზაციაში მოცემული იდეა არაერთ სცენაში იჩენს თავს, თუმცა ალბათ არცერთში ისე ცხადად, როგორც ბეთის ავადმყოფობასთან დაკავშირებულ ეპიზოდებში. 

ბეთ მარჩის სუსტი ჯანმრთელობა ფილმის მსვლელობისას სულ ორჯერ იჩენს განსაკუთრებული სიმძაფრით თავს. გერვიგი ორივეჯერ ნარატიულ კულმინაციად თითქმის ერთსა და იმავე სცენას იღებს – ბეთის დამძიმებული მდგომარეობის ამსახველი კადრების შემდეგ მაყურებელი იღვიძებს ჯოსთან ერთად, რომლის გვერდითაც ავამდყოფი დის საწოლი ცარიელია. ჩვენ ვუყურებთ, როგორ ჩადის შეშინებული ჯო პირველ სართულზე, რათა გაარკვიოს, რა ბედი ეწია მის უმცროს დას. პირველ შემთხვევაში მისი საწოლში არ ყოფნის მიზეზი გამომჯობინებაა, მეორეში კი გარდაცვალება. გაღვიძებისა და კიბეზე ჩასვლის იდენტური ეპიზოდები წესით მეხსიერებაშიც იდენტურად უნდა დაილექოს (საერთოდ თუ არ წაიშალა). თუმცა, აწმყოში, ტრაგიკული შედეგის მოლოდინით დამძიმებული ჯო, მიიწევს რა პირველი სართულისკენ, იხსენებს როგორ აკეთებდა იგივეს ბავშვობაში და ერთი შეხედვით უცვლელ სიტუაციაში ყველაფერი სხვანაირი ხდება – პატარა ჯო იმედითაა სავსე, მოუთმენლად ჩარბის კიბეზე და წონასწორობის შესანარჩუნებლად მოაჯირს მთელი ძალით აფრინდება. აწმყოში მისი ნაბიჯები ნელია, თითქოს მოსალოდნელი საშინელების გადავადების სურვილს დაუმძიმებიაო. მოაჯირსაც სულმოუთქმელი ჩაჭიდების ნაცვლად ახლა თავდაყირა დასაყენებლად გამზადებულ ცხოვრებაში ერთადერთი მყარი მოცემულობის როლი შეუთვისებია. ახლაც დილაა, თუმცა მზეს თითქოს ამოსვლა დავიწყებიაო – არსად ჩანს წინანდელი სითბოთი სავსე ოქროსფერი. რეალურად ეს ორი პარალელური კადრი სავარაუდოდ ზუსტად ერთნაირად განვითარდებოდა. ბეთის გარდაცვალების შესაძლებლობა წარსულშიც ზუსტად ისეთივე მაღალი იყო, როგორც აწმყოში და შესაბამისად, ჯოს ნაბიჯი მაშინაც ისეთივე ნელი და მძიმე იქნებოდა, როგორც ახლა. თუმცა განსხვავება ისაა, რომ წარსული ამ მომენტში ჯოს თავდაცვით მექანიზმად ქცეული მოგონებაა. მან იცის, რომ წლების წინ ყველაფერი კარგად დამთავრდა, შესაბამისად, მეხსიერებაში ზოგად ჩონჩხად შემორჩენილ გაღვიძებისა და კიბეზე ჩასვლის სცენას იმ დეტალებით ავსებს, პოზიტიურ დასასრულს რომ შეეფერება. აწმყო კი პირქუში და შეუვალია მთელი  თავისი უცვლელობით. “მოგონებების მოსახერხებელ ფორმაში ჩასმა აქტიური პროცესია და სუბიექტის წინასწარ არსებულ ცოდნაზე, ქცევით ტენდენციებზე, რწმენებსა და მიკერძოებულობებზეა დამოკიდებული”,- წერს მლოდინოვი. ზრდასრული ჯო მარჩის წინასწარ არსებული ცოდნა წარსულში ბეთის გადარჩენის შესახებ რეალობის პარალელურად წამოჭრილ მოგონებას აფერადებს და ბავშვობისფერ ტონალობებში ახვევს, აწმყოში კი იმავეს ვერ ახერხებს.

განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ გერვიგი მხოლოდ პერსონაჟების მეხსიერებით თამაშს არ სჯერდება და მაყურებლითაც მანიპულირებს. “პატარა ქალების” პირველი გამოცემიდან დღემდე მკითხველებიცა და მაყურებლებიც ძალიან ხშირად აკრიტიკებენ დასასრულსა და ჯოს გათხოვებას პერსონაჟზე, რომელსაც საერთო დანარჩენ ამბავთან ფაქტობრივად არაფერი ჰქონდა. 2019 წლის ეკრანიზაცია ახერხებს ლუიზა მეი ალკოტის მიერ დაწერილი ისტორიის ერთგული დარჩეს და ამავდროულად, ტრადიციულ კრიტიკასაც არიდებს თავს. ნარატიული ხაზის გახლეჩვით გერვიგს საშუალება ეძლევა პროფესორი ბეარი არა ბოლოს დამატებულ პერსონაჟად, არამედ ერთ-ერთ პირველ ნაცნობ სახედ აქციოს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში წყვილებზე საუბრისას რეჟისორმა გაამხილა, შემთხვევითი სულაც არაა, რომ პირველად ჯო და ემი მარჩებს იმ ადამიანებთან ვხედავთ, ვისზეც საბოლოოდ უნდა დაქორწინდნენ. გერვიგის თქმით, ის ფაქტი, რომ რომანტიკული ხაზის აუცილებლობაზე საუბრით გახსნილი დიალოგის შემდეგ ჩვენ პირდაპირ ვხედავთ ჯოსა და პროფესორის შეხვედრის სცენას, ჩვენს გონებაში მათ აყალიბებს მისაღებ წყვილად და ამის გამო, დასასრულიც სავსებით ლოგიკური გვეჩვენება. 

მიუხედავად იმისა, იცის თუ არა გრეტა გერვიგმა ამის შესახებ, იგი მაყურებლით მანიპულირებისთვის  ჩვენს ნარატიული აზროვნების უნარს იყენებს. თითოეული ჩვენგანის ტვინი სავსეა წინასწარ განსაზღვრული ცოდნით, რომელსაც ე.წ. “ნეირონული რუკები” ქმნიან. როგორც ცნობილია, ინფორმაციის მიღებისას ნეირონებში გავლილი მუხტების ტრაექტორია საერთი ჯაჭვის სახით აღირიცხება მეხსიერებაში და სამომავლოდ, მსგავს სიტუაციაში მოხვედრისას, ტვინი უკვე მზადაა წარსულიდან შემორჩნილი შესაბამისი ტრაქეტორია “აანთოს”. სწორედ ასე იქმნება ნარატიული სტრუქტურები – ზოგადი ჩარჩოები, რომლებიც სიტუაციის პოტენციური განვითარების ერთგვარ ფაბულებს წარმოადგენენ. ამ ყოველივეს მეშვეობით ნარატიული აზროვნება იმუშავებს ერთ-ერთ მთავარ უნარს, რომელსაც წინასწარმეტყველებისკენ მიდრეკილებაც შეიძლება დავარქვათ. ამ უნარის არსებობა განსაკუთრებით ცხადია ლიტერატურასა და ფილმებთან მიმართებით. გამომდინარე იქიდან, რომ ნარატივთა უმეტესობა ამა თუ იმ შაბლონს ეფუძნება, ყოველი ახალი ფილმისა თუ წიგნის ზოგადი თხრობითი სტრუქტურა ჩვენთვის ასე თუ ისე ნაცნობია. შესაბამისად, პირველი რასაც კითხვისას თუ ფილმის ყურებისას ვაკეთებთ, დასასრულის გამოცნობის უნებლიე მცდელობაა. რეალურად, ეს უნარი ტვინისთვის უბრალოდ პერსონაჟების საბოლოო ბედის ნაადრევი გამორკვევით მიღებულ სიამოვნებაზე უფრო მნიშვნელოვან დანიშნულებას ასრულებს და ხშირად თვითგადარჩენისა თუ სოციალურ სიტუაციებში მანევრირების მთავარი გასაღებია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში სწორედ იგი გვაგებს ძალიან ჭკვიანი რეჟისორის დაგებულ მახეში. მარტივი პატარა ცვლილება და ჩვენი დამოკიდებულებაც საუკუნეების წინ დაწერილი წყვილების მიმართ რადიკალურად იცვლება. ფილმი ჯო მარჩისა და მისი წიგნის პოტენციური გამომცემლის დიალოგით იწყება, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის სექსიზმი გამომცემლის სიტყვებით მკაცრად ადგენს წესს: თუ მთავარი პერსონაჟი ქალია, ბოლოს იგი ან უნდა გათხოვდეს, ან მოკვდეს, – მიუხედავად იმისა, რომ მოწოდება საკმაოდ მკაცრი და გამაღიზიანებელია, მაყურებლის ტვინი ავტომატურად იწყებს წინასწარმეტყველებას და ეძებს პოტენციურ რომანტიკულ პარტნიორს. შესაბამისად, როცა შემდეგ სცენაში ჯო პროფესორს შეეჩეხება, მათი ინტენსიური მზერა პირველია, რასაც მაყურებელი ამჩნევს და პროფესორიც ყალიბდება პოტენციურ პარტნიორად. ჩვენს ტვინში ინთება ის ნეირონული რუკა, რომელიც არაერთი სხვა მსგავსი ისტორიის ნახვით შეიქმნა და გამოიწვრთა – რუკა, რომელშიც ყველაფერი გრანდიოზული რომანტიკული კოცნის სცენით უნდა დასრულდეს. შესაბამისად, მოგვიანებით წარსულის სცენებში მისტერ ლორენსის დანახვისას ჩვენ უკვე კი არ ვგულშემატკივრობთ მისა და ჯოს წყვილს, არამედ ეჭვის თვალით ვუყურებთ და უფრო რაციონალურად ვცდილობთ გავთვალოთ, რომელი დასასრულია მეტად შესაძლებელი. 

“პატარა ქალები” ამბავია, რომლის ბეჭდვაც გამოსვლის დღიდან არცერთხელ არ შეწყვეტილა. დღემდე მისი არაერთი ეკრანიზაციაც გადაუღიათ და ლოგიკურია, რომ ახალი ვერსიისგან რაიმე ჭეშმარიტად ახლის მიღებას ბევრი არავინ ელოდა. თუმცა, გრეტა გერვიგი აკეთებს იმას, რაც მის არცერთ წინამორბედს არ გაუვლია აზრად – იგი თამაშობს ჩვენთვის ძალიან ნაცნობი კოგნიტური სტრუქტურებით და სათავისოდ იყენებს მათ. იგი მანიპულირებს პერსონაჟებითაც და ჩვენითაც, რადგან ზუსტად იცის, რომ სასურველი შედეგი ჩვენივე ბიოლოგიური იმპულსებით აქვს გარანტირებული. ბავშვობის მოგონებების ჩვენთვის ძალიან ნაცნობი სითბოთი შემოსვით არა მარტო გვაკავშირებს პერსონაჟებთან, არამედ გვაიძულებს პირადი გამოცდილება გამოვიყენოთ, რაც სიუჟეტის ემოციურ გავლენას კიდევ უფრო ზრდის. შემდეგ კი რომანის მთავარ, ფაქტობრივად ისტორიულ კონფლიქტსა და კრიტიკას თავს არიდებს, იყენებს რა ჩვენი ტვინის წინასწარმეტყველების მოუთოკავ მოთხოვნილებას ჩვენივე წინააღმდეგ. სწორედ ასე ატარებს გერვიგი მოლოდინებით თამაშის მასტერკლასს, ამტკიცებს რა, რომ მაყურებლის გაკვირვება ყველაზე ნაცნობი ამბებითაც შეიძლება და ამისთვის კოგნიტური ფსიქოლოგიის ყველაზე  ფუნდამენტური ცოდნის მოშველიებაც კი საკმარისია. 

To infinity and beyond! 🙂

ბიბლიოგრაფია: (Just in case 🙂 )

Zinchenko, Alexander “Nostalgia – Dialogue between memory and knowing”, Journal of Russian & East European Psychology, 2014.

Mlodinow, Leonard “Subliminal – How Your Unconscious Mind Rules Your Behavior”, Pantheon Books, New York, 2012

Goldie, Peter “Narrative Thinking, Emotion and Planning”, The Journal of Aesthetics and Art Criticism, Vol. 67, No. 1, 2009. 

იუნგი, კ.გ. “ფსიქოლოგია და რელიგია”, გამომცემლობა დიოგენე, თბილისი, 2013წ. 

Leave a comment