წიგნები რომლებმაც შექმნეს ბავშვობა

oppppppen-books

ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც უყვარს კითხვა, ჩემი აზრით უნდა ჰქონდეს ერთი  წიგნი, რომელიც უყვარს უბრალოდ იმიტომ, რომ  მასში მოთხრობილი ამბავი მოსწონს, ერთი, რომელიც უყვარს იმიტომ, რომ მისი წაკითხვის შემდეგ საკუთარ თავში დიდი ცვლილებები (ან მათი საჭიროება) აღმოაჩინა და ერთიც იმიტომ, რომ მასში ნებისმიერ კითხვაზე შეუძლია პასუხის პოვნა. მე მაქვს ასეთი წიგნები, ისინი ძალიან იშვიათად თუ იცვლება რომელიმე სხვით, თუმცა ამ სამ კატეგორიაში შემავალ ნაწარმოებთა რაოდენობა საკმაოდ სწრაფად იზრდება.

მაგრამ ამ პოსტში სულ სხვა წიგნებზე მინდა ვისაუბრო. ისინი მიეკუთვნება კატეგორიას, რომელიც ყველასთვის ძალიან ძვრიფასი და ხშირ შემთხვევაში ყველა სხვაზე უფრო საყვარელია. ეს არის წიგნები, რომლითაც ჩვენ პირველად შევაღეთ იმ გრანდიოზული აღმოჩენებით, სიკეთითა თუ ბოროტებით, სამეფოებითა და არისტოკრატებით თუ პირველყოფილი ადამიანებით, ინტელიგენციით, შეყვარბულებით, მეგობრებით, მტრებით, მარტოსულებითა და გართობის მოყვარულებით, საბრალონითა და გენიოსებით, დიქტატორებით, ანარქისტებით თუ რევოლუციონერებით სავსე ახალი პლანეტის ჭიშკარი, რომელშიც არაერთხელ ვიცხოვრეთ და არაერთხელ აღმოგვხდა უკანასკნელი ამოსუნთქვა. ეს არის ჩემი პირველი წიგნები. წიგნები, რომელთა წყალობითაც ჩემი ბავშვობა იყო უფრო ლამაზი, უფრო მხიარული, უფრო სრული… თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს როგორც ჩემს გულში, ისე ჩემს პირად ბიბლიოთეკაში.

დავიწყოთ პირველი წიგნით, რომელიც წავიკითხე

The-Adventures-of-Tom-Sawyer-Twain-Mark-9780812504200

ყველასთვის ცნობილი და საყვარელი, ტომ სოიერი.

მარკ ტვენი რომ მიყვარს, ამაზე ჩემი ბლოგის სათაურის ქვემოთ განთავსებული ციტატაც მეტყველებს. მაგრამ ათჯერ მეტად მიყვარს იმიტომ, რომ ტომ სოიერის ცხოვრების ნაწილი გამხადა და მასწავლა, თუ როგორ გადამერია მშობლები და გამეტარებინა დაუვიწყარი დრო, როგორც მეგობრებთან ერთად, ისე მარტოს. ალბათ ერთადერთი არ ვარ, ვისაც სახლში მოეპოვება „საბავშვო ბიბლიოთეკის“ რამდენიმე ტომი (დიდი ხნის წინ გამოცემული თეთრი წიგნები, სხვადასხვა ფერის დეტალებით და საკმაოდ ლამაზად გაფორმებული ყდებით). სწორედ ამ ბიბლიოთეკის ნაწილი იყო ჩემი მარკ ტვენის სამი ნაწარმოებისგან შემდგარი კრებული და ამიტომ ტომ სოიერთან ერთად წავიკითხე „ჰეკლბერი ფინის  თავგადასავალი“ და „უფლისწული და მათხოვარი“, რომლებიც არანაკლებ შემიყვარდა.

images

შემდეგ უკვე  მოდის ჟიულ ვერნი.

ყოველთვის მაოცებდა მისი ფანტაზია. მაოცებდა მაშინაც, როდესაც თავაუღებლად ვკითხულობდი „80 დღე დედამიწის გარშემოს“ და მაშინაც, როდესაც გემზე მყოფ მთელ ეკიპაჟთან ერთად ვეძებდი კაპიტან გრანტს.

არის წიგნები, რომელთა სიუჟეტის მცირე დეტალები შესაძლოა დროსთან ერთად დაგავიწყდეს, თუმცა ემოცია, რომელიც კითხვისას თან გდევდა, არასდროს დაგტოვებს.

JV.80

შესაძლოა აღარ მახსოვდეს თუ რა მარშრუტით შემოუარეს მსოფლიოს ფოგსმა და პასპარტუმ, ან რამდენი სახის ტრანსპორტი გამოიცვალეს, თუმცა არასდროს დამავიწყდება პასპარტუს მარგალიტებიანი ფეხსაცმელი და სიხარული, რომელიც ვიგრძენი, როცა გავიგე, რომ მათ შეძლეს და სანაძლეო მოიგეს.

dumbadze1

და ბოლოს რაღა თქმა უნდა, ნოდარ დუმბაძე.

ყოველთვის ვამბობ, რომ შესაძლოა დუმბაძე საუკეთესო ქართველი მწერალი არ იყოს (ერთ-ერთი საუკეთესოა ნამდვილად), მაგრამ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქართველი მწერალი იყო, არის და იქნება. ყოველი ახალი წელი ჩემთვის ჩუმად „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ გადაკითხვით იწყება. ყოველ 31 დეკემბერს, როცა შუაღამემდე რამდენიმე საათი რჩება, მე ვიღებ სასუსნავებით სავსე თეფშს, ძველ, გაცრეცილ წიგნს, რომელიც ამდენ მხიარულ მოგონებას თუ ცრემლს ინახავს და ვბრუნდები ბავშვობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწარმოები ზაფხულთან უფრო ასოცირდება, ჩემთვის მას მაინც ახალი წლის სურნელი უდის.

თუმცა რა თქმა უნდა „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ ყველაფერი არაა. მახსოვს, ცხოვრებაში პირველად, როგორ დამაფიქრა თეთრმა ბაირაღებმა. არასდორს დამავიწყდება ის ტკივილი, რაც კუკარაჩას სიკვდილისას განვიცადე. მე ხომ „ჰელადოსმა“ მასწავლა , თუ რა არის სამშობლო და რა ქმნის მას, მე ხომ სწორედ  ნოდარ დუმბაძის დამსახურებით ვიცი, რომ სული, ბოთლში გამომწყვდეული ჯინია, სიყვარული კი ღმერთის მიერ ადამიანისთვის ბოძებული უდიდესი ნიჭი. მე მიყვარს დუმბაძე, მიყვარს მთელი გულით, იმიტომ, რომ ის ყველაზე ახლო, ყველაზე ქართული და თბილია. მიყვარს, იმიტომ, რომ მან მასწავლა, თუ როგორ უნდა დავინახო მზე, მაშინაც კი, როცა წყვდიადი თავისი სიძლიერის ზენიტშია.

ამათ გარდა რა თქმა უნდა, არის უამრავი წიგნი და ავტორი, რომელიც მიყვარს, თუმცა ამ სამ მწერალს ჩემს გულში ყველაზე გამორჩეული ადგილი უკავია, ადგილი, რომელსაც ვერასდროს ვერავინ ჩაანაცვლებს. მათ ხომ ჩემი ბავშვობა შექმნეს.

To infinity and beyond! ❤

Leave a comment