უაზრო აზრების (უაზრო) კორიანტელი

ვგრძნობ, თითქოს ვხედავ კიდეც, როგორ მისხლტება საკუთარი თავი ხელიდან. ვერაფრით ვაჩერებ. ვერაფრით ვარწმუნებ. არცერთი არგუმენტი არ ჭრის. შენთან არ მინდაო.. შენთან რა მინდაო. მაგრამ ისიც უბედურია, იმიტომ, რომ “შენთან” ზუსტად იმდენადვე მოიცავს მასაც, რამდენადაც მე. და ასე, ერთი გარბის, მეორე მივსდევ ისე, რომ ვერც ის ახერხებს დაწინაურებას, ვერც მე – დაწევას.

მეშინია. მეშინია იმიტომ, რომ აგერ უკვე მერამდენე დღეა თვალის კიდეებს მომდგარი ცრემლები ვერ გავათავისუფლე. ზღურბლს მოადგებიან, გადმოიხედავენ, გამოცდილი კრიტიკოსის მზერას მოავლებენ სამყაროს ჩემი სხეულის გარეთ, შემდეგ კი ცხვირს აიბზუებენ, მანდ ჩვენ რა გვინდაო და უკან ბრუნდებიან. მე კი ვიცი ეს რასაც ნიშნავს. ვიცი და მეშინია.

ზედმეტად ნაცნობია ეს ყველაფერი. უკვე მერამდენედ გავდივარ ამ ბილიკს. ერთხელაც, აღარ მოადგებიან ცრემლები დიდი დაძინების ქარაფს. პრობლემა კი ისაა, რომ მაგ მომენტიდან აღარც ღიმილი მოადგება ტუჩის კუთხეს, აღარც გაკვირვება აიძულებს მარცხენა წარბს მაღლა აიზიდოს და აღარც დაბნეულობა გააჩენს შვილების მოსალოდნელი რაოდენობის მაწინასწარმეტყველებელ ღარებს შუბლზე. ყველაფერი გაქრება. სიცარიელეღა დარჩება. ვიქნებით მხოლოდ მე და ჩემი სიცარიელე.

მწარედ შეცდა ის, ვინც პირველად დაასკვნა, რომ დეპრესია სევდიანობაა. დეპრესია არაფერიც არაა. არაფერია, რომელიც ზურგიდან გეპარება, საჩვენებელ თითს ასრიალებს შენი ხერხემლის გასწვრივ და დავლილ ჟრუანტელთან ერთად აღწევს შენში. ჯერ სისხლძრღვებში იტოტება, მერე კი, თითქოს სივრცე აღარ ყოფნისო, ყოველი არტერიის, ვენისა და კაპილარის კედლიდან გადმოხეთქავს, დაუძლეველ ზვირთებად შეიკვრება და წაგლეკავს… სადაცაა წამლეკავს.

მერე კი აღარაფერი. მისი არარაობა ჩემი გახდება. მაიძულებს დავემსგავსო. უფერულად, საკუთარი თავის გაშრობამდე ჩამორეცხილ პორტრეტად მაქცევს. არაფერია ამ სიცარიელეზე უფრო მძიმე. ვერანაირი ტკივილი ვერ გადაწონის. ჯობია გრძნობდე, როგორ გემსხვრევა გული მილიონ ნაწილად, მიწასთან შეჯახებისას დამარცხებული ბროლის ჭურჭელივით, ვიდრე გულს საერთოდ ვეღარ გრძნობდე.

აჩქარებულ სუნთქვას ვერ ვაწესრიგებ. თითქოს ფილტვებიც ვეღარ იტანენ, დაუსრულებლად რომ დავსდევ საკუთარ თავს. მეტაფორული თავის დაჭერის უუნარობით გაბრაზებული, ფიზიკურ თავს ვიქცევ ხელებს შორის და ვცდილობ მასში ცეცხლმოკიდებული ცათამბჯენის ბოლო სართულზე მყოფი ხალხივით ისტერიულ პანიკას დამონებული ფიქრები მაინც გავაჩერო. გარშემო არაფერს აქვს აზრი. მე კი ზედმეტად ბევრი აზრი მაქვს იმისთვის, რომ რეალურად მქონდეს აზრი.

ვიცი რომ ახლოსაა. ვიცი და მეშინია.

To infinity and beyond

 

2 thoughts on “უაზრო აზრების (უაზრო) კორიანტელი

Leave a comment